შესაძლო ფაქტორები, რომლებმაც ბეირუთში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება განაპირობა

შესაძლო ფაქტორები, რომლებმაც ბეირუთში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება განაპირობა

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება ლიბანისკენ არის მიმართული. 6.3-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქის უდიდესი ნაწილი ნანგრევებშია, საპროტესტო აქციების ახალი ტალღის ფონზე კი ჰასან დიაბის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არის დანიშნული.

ლიბანი დღეს ურთულეს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში არის მოქცეული. 4 აგვისტოს აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე, ქვეყანა დეფოლტში აღმოჩნდა, ამავე პერიოდში ქვეყნის საბანკო სექტორიც ჩამოიშალა, რასაც ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მოქალაქეთა კუთვნილი ანაბრების დაკარგვა მოჰყვა.

ლიბანი არაერთი წელია პოლიტიკურ არასტაბილურობაში იმყოფება, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, კორუფცია კი საყოველთაოდ არის გავრცელებული. ლიბანში ისეთი ტრივიალური საკითხებიც კი როგორიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა წარმოადგენს, ხელისუფლებისთვის წლების განმავლობაში გადაუჭრელი კრიზისის მიზეზი იყო, რის გამოც ბეირუთის ცენტრში ათობით მეტრის სიმაღლის ნაგვის მთები იდგა.

ნარჩენების მართვის და გარემოსდაცვითი სისტემების დისფუნქციურობის ფონზე, ბეირუთის პორტში 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ინახებოდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რასაც 4 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის დროს მძლავრი აფეთქება მოჰყვა.

ბეირუთის პორტი

ბეირუთის პორტი ლიბანის ეკონომიკის ერთერთი უმთავრესი არტერია იყო, რომელზეც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 60%-ზე მეტი გადიოდა. პორტი სრულად სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და მას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია მართავს.

2019 წელს ბეირუთის პორტით 6 მილიონი ტონა ტვირთების ტრანსპორტირება მოხდა, მისი ფინანსური შემოსავალი კი $210 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ბეირუთის პორტი რამდენიმე ტერმინალს აერთიანებდა, მათ შორის საკონტეინერო, მშრალი და ნაყარი ტვირთების, ასევე ნავთობის ბაზებს.

აფეთქება საწყობ ნომერ 12-ში მოხდა, სადაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, გასული წლების განმავლობაში დაპატიმრებული ხომალდის, Rhosus-ის ტვირთი – 2750 ტონა ამონიუნის ნიტრატიინახებოდა.

ეს ფაქტი კიდევ უფრო საყურადღებო უნდა ყოფილიყო იმის ფონზე, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2018 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ლიბანის ერთერთი მმართველი პოლიტიკური პარტია და პროირანული პარამილიტარისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ბეირუთის პორტშიც მართვადი რაკეტების წარმოებით იყო დაკავებული.

ლიბანის ოფიციალური პირები ისრაელის ბრალდებას უარყოფენ და უკანონო შეიარაღების წარმოებასთან ლიბანის კავშირს გამორიცხავენ.

ხომალდი Rhosus-ი

2013 წლის 23 სექტემბერს ბათუმის პორტიდან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი MV Rhosus მოზამბიკის ქალაქ ბეირის მიმართულებით გაემართა. მას 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატი გადაჰქონდა.

MV Rhosus ხომალდი ოფშორული კომპანია Teto Shipping Ltd-ის საკუთრებას წარმოადგენდა. კომპანიის მფლობელი იყო რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი, რომელსაც კვიპროსის მოქალაქეობა აქვს

გრეჩუშკინმა კომპანია Teto Shipping Ltd 2012 წელს დააფუძნა და ის 2014 წლამდე არსებობდა. კომპანიის გაკოტრების მიზეზს ლიბანში წარმოშობილი იურიდიული დავით გამოწვეული ჯარიმების და ვალდებულებების თავიდან აცილება წარმოადგენდა.

New York Times-თან საუბარში გემის ყოფილმა კაპიტანმა, ბორის პროკოშევმა განაცხადა, რომ ბეირუთის პორტში MV Rhosus-ის გაჩერების მიზეზი გახდა ის, რომ ხომალდს სუეცის არხის გადაკვეთისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა, რის გამოც ბეირუთის პორტში შესვლა ახალი ტვირთების მოძიების მიზნით გადაწყდა.

ბეირუთის პორტში ხომალდის ინსპექტირების დროს საზღვაო სამსახურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ გემის კორპუსი დაზიანებული იყო და მას ცურვის უფლება არ ჰქონდა.

Rhosus-ს ბეირუთის პორტის დატოვების უფლება არ მიეცა. ხომალდის ეკიპაჟი 9 მეზღვაურისგან შედგებოდა, საიდანაც 8 უკრაინის, ერთი კი რუსეთის მოქალაქე იყო. უკრაინელი დიპლომატების დახმარებით, ხომალდის ეკიპაჟის 5 წევრი საკუთარ სამშობლოში გაემგზავრა, კაპიტანი, მთავარი ინჟინერი, ინჟინერის ასისტენტი და ბოცმანი კი Rhosus-ზე დარჩნენ.

დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა. ხომალდზე დარჩენილმა კაპიტანმა მოზამბიკამდე მგზავრობისთვის საჭირო საწვავი გაყიდა და ამ თანხით იურისტები დაიქირავა. საბოლოოდ 2014 წლის 4 თებერვალს ხომალდის მესაკუთრეს ჯარიმის სახით $100,000-ის გადახდა დაევალა, ეკიპაჟს კი Rhosus-ის დატოვების უფლება მიეცა.

2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატი პორტის მეთორმეტე საწყობში გადაიტანეს, 86-მეტრის სიგრძის და 12 მეტრის სიგანის ხომალდი კი ამავე საწყობიდან 300 მეტრის მოშორებით, პორტის ტერიტორიაზე განთავსდა.

Aljazeera- ინფორმაციით, ტვირთი, რომლის კონფისკაციაც მოხდა ლიბანის სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის განხილვის საგანს წარმოადგენდა. ლიბანის საბაჟო დეპარტამენტი სხვადასხვა პერიოდში ჩამორთმეული ტვირთის ექსპორტს, ასევე მისი ქვეყნის არმიისთვის გადაცემას ან ასაფეთქებლების მწარმოებელი ლიბანური კომპანიებისთვის მის მიყიდვას განიხილავდა.

1986 წელს აშენებული Rhosus-ი დაპატიმრებამდეც სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაში იყო, ეკიპაჟის გარეშე გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, მის კონსტრუქციაში არსებული ბზარები გაიზარდა და 2018 წლის თებერვალში ის ჩაიძირა. ჩაძირვის შედეგად, მან ბეირუთის ნავმისადგომის ფართობის დავიწროვება და დაბინძურება გამოიწვია.

2018 წელს ჩაძირული Rhosus-

Rhosus-ის ჩაძირვიდან ორწლინახევრის შემდეგ, ხომალდის ტვირთის არასათანადო პირობებში შენახვამ და მოპყრობამ, აგრეთვე გარეშე ფაქტორებმა  – 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გამოიწვია, რამაც 220-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

                 

ამონიუმის ნიტრატის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ

აზოტოვანი სასუქები საქართველოს ერთერთ მთავარ საექსპორტო საქონელს წარმოადგენს. 2019 წელს ამ პროდუქტებმა ექსპორტის ტოპ ათეულში მერვე ადგილი დაიკავა, მათმა ექსპორტმა კი $95 მილიონ დოლარამდე შეადგინა. ჯამურად, საქართველოდან 500, 000 ტონამდე ამონიუმის ნიტრატის ექსპორტი განხორციელდა. ქვეყანაში ამ პროდუქციის მთავარი მწარმოებელი კომპანია სს რუსთავის აზოტია”.

ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სსრუსთავის აზოტისმიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2013 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც კომპანია Teto Shipping Ltd-ს მოზამბიკში ამონიუმის ნიტრატი გადაჰქონდა, რუსთავში არსებულ ქიმიური საწარმოს/ქარხანას ფლობდა და ოპერირებას უწევდა სხვა იურიდიული პირი, სხვა მფლობელით, კერძოდ შპს ,,რუსთავის აზოტისაიდენტიფიკაციო კოდი #416293709, შესაბამისად სს ,,რუსთავის აზოტი“, საიდენტიფიკაციო კოდი #404519794, არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, იყო თუ არა კონკრეტული პროდუქცია საქართველოში ნაწარმოები.

გამომდინარე იქიდან, რომ სსრუსთავის აზოტი (ს/კ #404519794) ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართვლოში, კერძოდ, რუსთავში ნაწარმოები“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან აღსანიშნავია რომ  სსრუსთავის აზოტი“ (ს/კ #404519794) მფლობელი კომპანია სს,, ეუ ინვესთმენთს ს/კ # 405161792“ თავის მხრივ ქარხნას ფლობს 2016 წლის სექტემბრიდან.

BMG-იმ სსრუსთავის აზოტსმიმართა კითხვებით, თუ რა სტანდარტების დაცვა არის აუცილებელი ამონიუმის ნიტრატის უსაფრთხოდ შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის. კომპანიის პასუხიდან ირკვევა, რომ ამ პროდუქტის მდგრადობა დამოკიდებულია შემნახველისა და ტრანსპორტიორის მხრიდან არაერთი მოთხოვნის დაცვაზე. მათ შორისაა მოთხოვნები სათანადო ვენტილაციის აუცილებლობაზე, ტემპერატურული პირობების, ჰაერში დაბალი ფარდობითი ტენიანობის და  სხვა მრავალ ფაქტორზე. როგორც ირკვევა, იმ სათავსოში სადაც მისი შენახვა ხდება, ჰაერში ამონიუმის ნიტრატის დასაშვები კონცენტრაცია ერთ კუბურ მეტრზე 10 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს, ამისთვის კი შესაბამისი სათავსოს სათანადო ვენტილაციაა აუცილებელი. ამასთან ამ პროდუქტის შენახვა სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა მოხდეს.

სს რუსთავის აზოტშიგანმარტავენ, რომ ამონიუმის ნიტრატი საშიში ტვირთების კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც პროდუქტის თითოეულ პარტიას თან ახლავს შესაბამისი უსაფრთხოების პასპორტი, სადაც  დაკოკნკრეტებულია მასთან მოპყრობის წესები, მისგან გამოწვეული რისკები, მათი აღმოფხვრის მეთოდები და ყველა სხვა ამომწურავი ინფორმაცია. საქართველოში დამზადებული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებშიც გადის, შესაბამისად, სს რუსთავის აზოტსევროკავშირის შესაბამისი ორგანოსგან მინიჭებული აქვს EU-უსაფრთხოების პასპორტიც, რომლის ყოველწლიური განახლებაც ხდება.

ჩვენი პროდუქცია გადის ევროკავშირის ქვეყნებში, აუცილებელი ვალდებულებაა მისი დარეგისტრირება ევროკავშირში, რაც ჩვენს მიერ შესრულებულია და მინიჭებული გვაქვს  № 01-2119490981-27-0078 კოდი  და შესაბამისად უსაფრთხოების პასპორტი გაცემულია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, რომლის განახლება ხდება ყოველწლიურად. ის წარმოადგენს ამონიუმის ნიტრატის წარმოებისა და უსაფრთხო შენახვის ერთერთ მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს, გარდა ამისა ყველა შეფუთულ ერთეულზე დატანილია ეტიკეტი, რომელიც შესრულებულია EC №1272/2008 – რეგლამენტის თანახმად. ეტიკეტზე დატანილია ყველა საჭირო ინფორმაცია ამონიუმის ნიტრატის უსაფრთხო ტრანსპორტირების, შენახვისა და მოპყრობის შესახებ”- ნათქვამია კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მწარმოებელი იძლევა ამონიუმის ნიტრატის მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის გარანტიას, თუ დაცული იქნება  ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობებიამონიუმის ნიტრატის შენახვის საგარანტიო ვადა შეადგენს 6 თვეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამონიუმის ნიტრატის მდგრადობა გარემო პირობებზე და შენახვის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, თუ ჰაერის ფარდობითი ტენიანობისა და გარემო ტემპერატურის მოთხოვნები დადგენილ ჩარჩოებს აღემატება, მაშინ ამ პროდუქტის დაშლა უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობსამ ფაქტორების გათვალისწინებით, უცნობია თუ როგორ იყო დაცული ფარდობითი ტენიანობის და შენახვის ტემპერატურის პირობები ზღვის სანაპიროზე მდებარე ბეირუთის პორტში, სადაც ზაფხულში ტემპერატურა ხშირად 40°C-საც აღემატება.

ტემპერატურაზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე ამონიუმის ნიტრატს ტემპერატურის გარკვეულ ინტერვალებში ახასიათებს ერთი მოდიფიკაციიდან მეორე მოდიფიკაციაში გადასვლა, რაც იწვევს გრანულების გაფართოვება-შემჭიდროვებას და საბოლოოდ მის დაშლას,  ვინაიდან გვარჯილა ჰიგროსკოპულია, ტენის ცვლილების არეალში მისი მოხვედრისას ეს პროცესი დაჩქარდება, ის უფრო მალე დაიშლება და შესაბამისად უფრო საფრთხის შემცველი გახდება. გარკვეულ პირობებში შესაძლებელია მისი დეტონაციააფეთქება. ამის მიზეზი არის ის, რომ ამონიუმის ნიტრატი არის დამჟანგველი და 110°Cზე ზემოთ გაცხელების შემდეგ იწყებს თერმულ დაშლას. ტემპერატურის ზრდასთან ერთად ხდება მისი დაშლა ამიაკად და აზოტმჟავად, რაც იწვევს ჟანგვააღდგენითი რეაქციების წარმართვასა და აფეთქებას, რაც სხვა მიზეზებთან ერთად აღწერილია საქართველოში მოქმედ სტანდარტში ГОСТ 2-1013-ის მე-2 თავში, აღნიშნული სტანდარტი წარმოადგენს სახელმწიფოთაშორის სტანდარტს, და აღიარებულია  ISO/IEC-ის მიერ”- ნათქვამია სს რუსთავის აზოტისმიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.