კონსენსუსს ამოფარებული ოცნება

კონსენსუსს ამოფარებული ოცნება

კონსტიტუციის მიღების შემდეგ ყველა მმართველ ძალას სურს, იმაზე მეტი მანდატი მიიღოს საკანონმდებლო ორგანოში, ვიდრე რეალურად მოსახლეობის მხარდაჭერის პროპორციულად ეკუთვნის. ეს მანკიერი ტრადიცია გააგრძელა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელების ინიციატივით კანონპროექტი შეიტანა. ამ ფაქტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მალევე განისაზღვრა საერთო-სახალხო განხილვის კომისია, რომელიც უმრავლესობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტით დაკომპლექტდა. ერთი თვის განმავლობაში მათ, შემოთავაზებული ნოვაციის ამომრჩევლისთვის გასაცნობად, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაემართათ, რის შედეგადაც, წესით, მიღებული უკუკავშირი ცვლილებების საბოლოო ვერსიაში აისახებოდა. ხელისუფლების ეს ნაბიჯი პასუხია საზოგადოების მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული წილი უნდა შეიცვალოს და საკანონმდებლო ორგანო სრულად პროპორციული წესით დაკომპლექტდეს. პოზიცია რამდენიმე არგუმენტს ემყარება: მაჟორიტარულ სისტემაში მაღალია დაკარგული ხმების რაოდენობა, რთულია კვოტირების სისტემის შემოტანა და ყველაზე მთავარი: ის იძლევა შესაძლებლობას, მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი მანდატი მიიღოს პარლამენტში, ვიდრე ამომრჩევლის მხარდაჭერის პროპორციულად ეკუთვნის. მმართველი უმრავლესობა ამ ინიციატივას ასე ეხმაურება: 2016 წლისთვის არაფერი შეიცვლება და არჩევნები არსებული წესით ჩატარდება, რაც 77 პროპორციულ და 73 მაჟორიტარულ მანდატს ნიშნავს. რაც შეეხება შემდგომ არჩევნებს, ის სრულად პროპორციული იქნება.

მიუხედავად პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სექტორში პარლამენტის დაკომპლექტების პროპორციული წესის სასარგებლოდ არსებული უპრეცედენტო კონსენსუსისა, კოალიცია მაინც ვერ ელევა მანდატების მაჟორიტარულ განაწილებას და ამ სისტემის სასარგებლოდ სამი არგუმენტი მოჰყავს:

1) არსებულ კოალიციაში შედიან მაჟორიტარი დეპუტატები, მათი ნაწილი ეწინააღმდეგება იმ წესის გაუქმებას, რომლითაც ისინი პარლამენტში მოხვდნენ. ეს იმდენად პრინციპული საკითხია, რომ ისინი მზად არიან, დატოვონ კოალიცია, თუ მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებენ.

2) კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ სისტემას გარკვეული უპირატესობები აქვს (მაგ. ბმა ამომრჩეველსა და წარმომადგენელს შორის), რომლებიც მომხიბვლელია უმრავლესობის ზოგიერთი წევრისთვის, რის გამოც ისინი მის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან.

3) პროპორციული სისტემა მოითხოვს განვითარებულ პარტიულ სტრუქტურებს, რაც საქართველოში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ეს პრობლემა მოგვარებული იქნება.

ამდენად, კოალიციისთვის შემოთავაზებული ვერსია არის კონსენსუსური ვარიანტი, რომელიც თავად უმრავლესობას შორის ძალთა და პოზიციათა გადანაწილების შედეგად წარმოიქმნა. თუმცა შეესაბამება თუ არა ეს რეალობას, ამას ერთ კითხვაზე პასუხი გვაჩვენებს: არსებობს თუ არა იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სამივე ინტერესს დააკმაყოფილებს, თან ისე, რომ საზოგადოების წუხილებსაც გაეცეს პასუხი?

თუმცა სანამ ამ კითხვას გავცემდეთ პასუხს, არსებული საარჩევნო სისტემის, კერძოდ კი მისი მაჟორიტარული ნაწილის წინააღმდეგ მოყვანილი არგუმენტები გავაანალიზოთ.

1. ბარიერი – იმისათვის, რომ კანდიდატმა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვოს, მან კონკურენტებზე მეტი ხმა უნდა მოაგროვოს, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის 30% პროცენტისა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში შესაძლებელია დეპუტატი გახდეს ისეთი ადამიანი, ვის წინააღმდეგაც ხმების 2/3 დაფიქსირდა, რაც უსამართლოა, არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებისთვის საჭირო უნდა იყოს 50%+1 ხმა. მმართველი გუნდი თანახმაა, გაიზიაროს აღნიშნული არგუმენტი.

2. ხმის თანაბრობა – საქართველოს მასშტაბით ერთმანდატიანი 73 მაჟორიტარული ოლქია, რომელთა შორის ყველაზე პატარას – ყაზბეგის ოლქს – 5 ათასზე ცოტა მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ყველაზე დიდს, ქუთაისს კი – 156 ათასამდე. ეს ნიშნავს, რომ ყაზბეგელ მოქალაქეს დაახლოებით 30-ჯერ მეტად შეუძლია გავლენა მოახდინოს თავის ოლქში საარჩევნო შედეგებზე, ვიდრე ქუთაისელს. გამოდის, პირველი ოლქის ამომრჩეველი მეორესთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. სწორედ ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ არსებული საარჩევნო გეოგრაფია არაკონსტიტუციურად ცნო, რის შედეგადაც პრობლემა აღმოიფხვრება. ხელისუფლება, რომელსაც, როგორც წესი, მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ დასახლებებში ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვეღარ შეძლებს ნაკლებად მჭიდრო, სასოფლო დასახლებებიდან, სადაც შედარებით მაღალი რეიტინგით სარგებლობს, იმაზე მეტი მანდატი წამოიღოს, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით ეკუთვნის.

3. მანდატებისა და ელექტორალური მხარდაჭერის შეუსაბამობა – ეს გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოში ადგილების იმგვარ განაწილებას, რომელიც ამომრჩევლის სურვილებს არ ასახავს, რაც საბოლოოდ ძლიერ პარტიას აძლევს ხელს. საქმე ის არის, რომ 50%-იანი ბარიერის შემთხვევაშიც კი პარტიას, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს, ადვილად შეუძლია, მთავრობა დააკომპლექტოს. ამისთვის საჭიროა, მან პროპორციულიდან 30 მანდატი (დაახლოებით ხმების 35%) მიიღოს, ხოლო მაჟორიტარებიდან 50-მდე ოლქი მოიგოს (რაც იმგვარ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების რეიტინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბარია და სტაბილურად აღემატება ყველა სხვას, ადვილი წარმოსადგენია). არსებული მოდელი ძლიერ პარტიას საშუალებას აძლევს, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვოს და მთავრობა დააკომპლექტოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეალურად მას ელექტორალური მხარდაჭერა 50%-ზე ბევრად ნაკლები ექნება.

4. დაკარგული ხმები – საკამათოა ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის თანდაყოლილი ნაკლი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა ხმების 50%-მდე იკარგება, ანუ ის, ვინც მხარს არ უჭერს გამარჯვებულ კანდიდატს, წარმომადგენლის გარეშე რჩება, მოგებულს კი ყველაფერი მიაქვს. ფაქტობრივად, ამომრჩეველთა ნახევარი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაშინ როცა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში მათი განწყობები ასახული იქნებოდა წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობაში.

როგორც ჩამონათვალშივე აღვნიშნე, პირველი ორი პრობლემა 2016 წლის არჩევნებისთვის აღარ გვექნება. მეოთხე იარსებებს მანამ, სანამ მაჟორიტარული სისტემა იარსებებს, რაც შეეხება მესამეს, მისი აღმოფხვრის მეთოდი დიდი ხანია ცნობილია და ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში მოქმედებს. მას შერეული წევრობის პროპორციულ სისტემას უწოდებენ. ამ სისტემის მიხედვით, პირველ რიგში, პარლამენტი კომპლექტდება არჩეული მაჟორიტარებით, ხოლო დანარჩენი ადგილები ნაწილდება პარტიებს შორის მიღებული ხმების პროპორციულად. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი პარტია წარმომადგენლობით ორგანოში მანდატების იმაზე მეტ პროცენტს ვერ დაისაკუთრებს, ვიდრე საერთო ეროვნულ დონეზე მიღებული ელექტორალური მხარდაჭერის პროცენტულ მაჩვენებლებშია გამოხატული. სხვაგვარად, თუ პარტიას ამომრჩევლის 25% უჭერს მხარს, მას პარლამენტში არსებული ადგილების 25% ერგება. თუ ეს 25% მან მაჟორიტარებით შეავსო, პროპორციული შედეგები უბათილდება და სხვა პარტიებზე ნაწილდება. ამგვარად მიიღწევა მიზანი, რომლის შესაბამისადაც ამომრჩევლის განწყობა მეტ-ნაკლები სიზუსტით უნდა იყოს ასახული წარმომადგენლობით ორგანოში.

გამოდის, რომ ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი დადებითია. შერეული წევრობის პროპორციული სისტემა, ერთი მხრივ, პარლამენტის დაკომპლექტების მაჟორიტარულ წილს არ აუქმებს, პირიქით, მას უპირატესობას ანიჭებს, ხოლო მეორე მხრივ, ძლიერ პარტიებს იმაზე მეტი მანდატის მიღების საშუალებას არ აძლევს, ვიდრე ეს ელექტორალური მხარდაჭერის პროპორციულად ეკუთვნით. აღნიშნულ სისტემაში ერთადერთი პრობლემა – პარლამენტის ზუსტი რაოდენობის ფიქსაციის შესაძლებლობაა. მისი ოდენობა მინიმალურ ამპლიტუდაში იმერყევებს, ჩვენი კონსტიტუციით კი დეპუტატთა რაოდენობა ზუსტად არის განსაზღვრული და ის 150-ია. ამიტომ საჭიროა კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომლითაც დაფიქსირდება პარლამენტის წევრთა არა ზუსტი, არამედ მაქსიმალური რაოდენობა. მით უმეტეს, რომ სარეფერენდუმო კითხვაში, რომლის საფუძველზეც დეპუტატთა ეს რაოდენობა ჩაიწერა ქვეყნის უზენაეს კანონში, მითითებული არ იყო ხისტი ციფრი. იქ ამომრჩეველს უნდა გადაეწყვიტა, სურდა თუ არა პარლამენტართა რაოდენობა არ ყოფილიყო 150-ზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგ წასვლა იქნება პარლამენტის წევრთა 151 წევრით განსაზღვრა, მაგრამ არა 149-ით.

ამგვარად, შერეული წევრობის პროპორციული სისტემა ორივე მხარის – ხელისუფლებისა და საზოგადოების გაცხადებულ წუხილებს აღმოფხვრის, მაგრამ საქმე ისაა, რომ უმრავლესობა საჯაროდ არც კი განიხილავს ამ მოდელს. მას არ სურს დათმოს მთავარი – უპირატესობა, რომელსაც არსებული სისტემა ანიჭებს.

ეს არის მისწრაფება, მმართველმა პარტიამ დაუმსახურებლად და უსამართლოდ მიიღოს მანდატები, იმაზე მეტი პარლამენტარი შეიყვანოს საკანონმდებლო ორგანოში, ვიდრე ამომრჩეველთა მხარდაჭერით ერგება. სინამდვილეში ეს და არა კოალიციის დაშლის შიში დგას ხელისუფლების პოზიციის უკან. სინამდვილეში ამის გადაფარვას ცდილობს “ქართული ოცნება” შიდა კონსენსუსის შედეგად წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *