რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური მოვლენები

მიმდინარე კვირას მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა აშშ-დან დავიწყოთ. როგორც მოსალოდნელია, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახური მორიგ ორდღიან შეხვედრას გამართავს და საპროცენტო განაკვეთების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც წესი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები ვალუტის ფასის ცვლილების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, ამიტომაც ამ გადაწყვეტილებას ტრეიდერები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ამასთან, ფედერალური სარეზერვო სამსახური განაახლებს ეკონომიკურ პროგნოზს, რომელიც ამჯერად 2023 წლის პროგნოზსაც მოიცავს.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა თვის დასაწყისში განაცხადა, მაშინ როდესაც ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის „სიჩქარეზე ფეხი აქვს დაჭერილი“,  კანონმდებლებმა ხელი უნდა შეუწყონ ეკონომიკის აღდგენის პროცესს, ვინაიდან ახალი ფისკალური პოლიტიკის არარსებობის გამო, ინვესტორების წუხილი იზრდება.

ინვესტორები წუხან გასული კვირის საფონდო ბირჟების მერყეობის გამოც, როდესაც Nasdaq-ი10%-ით შემცირდა და ამან სხვა ინდექსებზეც გავლენა იქონია. ინვესტორები შიშობენ, რომ ეს არის მასშტაბური კლების დასაწყისი, რაც ბაზრის კურსს მთლიანად შეცვლის. Bank of America-ს Global Research-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სექტემბრის ტენდეციების მიხედვით, მიმდინარე თვე ამ მხრივ წლის ყველაზე სუსტი თვე იქნება.

გადავინაცვლოთ ევროპის კონტინენტზე, სადაც საინტერესო მოვლენები ვითარდება ბრიტანეთში, რომლის მთავრობაც აპირებს შიდა ბაზრის კანონმდებლობის შესახებ დისკუსიების დაწყებას. აღიშნული კანონპროექტი მომზადებულია და ის სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება ბრექსითის შესახებ შეთანხმებას, რის გამოც, შესაძლოა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას საფრთხე დაემუქროს. პარალელურად, ზეწოლას განიცდის ბრიტანული ვალუტა სტერლინგი, რომელიც მიმდინარე თვეს 4%-ით გაუფასურდა და ამჟამად ერთი ფუნტი $1.28-ს შეადგენს.

არ არის გასაკვირი, რომ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახურის გადაწყვეტილებას გავლენა აქვს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებზეც. ვინაიდან უფრო სუსტი დოლარის მათ ვალუტებთან მიმართება გავლენას იქონიებს მათ ეკონომიკურ აღდგენასა და ინფლაციის შესახებ პროგნოზზეც. ჯერჯერობით იაპონიისა და ინგლისის ბანკებს არ განუცხადებიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. თუმცა, ინგლისის ბანკმა შესაძლოა გააფართოვოს ბონდების შესყიდვა პანდემიის და ბრექსითის შედეგად დაუძლურებული ეკონომიკის დასახმარებლად. რაც შეეხება იაპონიის ბანკს, ის ჯერ ახალმოსულ პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას უნდა შეუთანხმდეს, რომელმაც უკვე მოუწოდა ბანკს მთავრობასთან ერთად მუშაობისკენ.

რაც შეეხება მიმდინარე კვირას დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს და ანგარიშებს, რომლის გამოქვეყნებასაც ელიან: ორშაბათს ევროჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ასევე გამოქვეყნდება OPEC-ის თვიური ანგარიში, რომელშიც საუბარი იქნება იმ მთავარ ფაქტორებზე, რაც გავლენას ახდენს მსოფლიოში ნავთობის ბაზარზე. ასევე ანგარიშში მოცემული იქნება ნედლი ნავთობის ბაზარზე მოსალოდნელი მოვლენების პროგნოზი მომდევნო წლისთვის.

პარალელურად გამოქვეყნდება ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თვიური მიმოხილვა, რომელიც ასევე ნავთობის ბაზარს მიმოიხილავს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი კონგრესს ნახევარი წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელშიც აღწერილი იქნება საერთაშორისო ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკების კუთხით განვითარებული მოვლენები აშშ-ის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.

გარდა ამისა, ჩინეთში არაერთი მნიშვნელოვანი მონაცემის გამოქვეყნებას ელოდებიან. კერძოდ, ორშაბათს უნდა გასაჯაროვდეს ჩინეთის ინდუსტრიული წარმოების აგვისტოს მაჩვენებლები, რითეილ გაყიდვების აგვისტოს მაჩვენებლები და უმუშევრობის დონე.

უმუშევრობის განახლებულ (ივლისის) მინაცემებს გამოაქვეყნებს დიდი ბრიტანეთიც.

რაც შეეხება რუსეთს, მიმდინარე კვირას ამ ქვეყანაში გამოაქვეყნებენ ხელფასების ზრდის ივლისის მაჩვენებლებს, უმუშევრობის დონის აგვისტოს მონაცემებს, ინდუსტრიული წარმოების და ასევე რითეილ გაყიდვების წინა თვის მაჩვენებლებს. ასევე უნდა გადაწყდეს საპროცენტო განაკვეთების ცვლილებაც. ამგვარად ცნობილი გახდება რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება მოკლევადიანი განაკვეთების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძირითადად დამოკიდებული იქნება ეკონომიკური ზრდის პროგნოზსა და ინფლაციის ფაქტორზე.

ხოლო ევროზონაში ცნობილი გახდება ხელფასების მაჩვენებლები წლის მეორე კვარტალში. გავიგებთ, რამდენ პროცენტიანი ზრდაა ან კლებაა ბაზარზე წინა წელთან შედარებით, ასევე რა უჯდება დამსაქმებელს სოციალური კონტრიბუციების გაცემა და ა.შ.

იაპონიაში ექსპორტ-იმპორტის და სავაჭრო ბალანსის აგვისტოს მონაცემები გახდება ცნობილი.

და ბალოს, გერმანიაში ევროპის ეკონომიკური კვლევების ცენტრი გამოაქვეყნებს ეკონომიკური განწყობების ინდექსს.

         

ჩვენ გირჩევთ

რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – Forbes-ი

კორონავირუსის რუსულ ვაქცინას მეცნიერების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს

რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – Forbes-ი

რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – Forbes-ი "ფრონტერაზე"

წინა სტატია

AstraZeneca-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმება განაახლა
14 September, 2020

შემდეგი სტატია

Oxford, AstraZeneca resume coronavirus vaccine trial
14 September, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker