რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს

საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ Adjarabet-მა 2019 წლის აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში კომპანიამ მომხმარებლებისგან შემოსავლის სახით 220.6 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო მისმა წმინდა მოგებამ კი 76.4 მილიონი ლარი შეადგინა. ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, Adjarabet-ის წმინდა მოგების მარჟა 35%-ია.

აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელს Adjarabet-ის ჯამური შემოსავალი 25%-ით გაიზარდა.

Adjarabet-ის იურიდიული სახელია შპს “ავიატორი”. 2019 წელს კომპანიის 51%-იანი წილი ირლანდიურმა კომპანია Flutter-მა შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ონლაინ აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერია. ამასთან, Flutter-ი Adjarabet-ში საკუთარი წილის 100%-მდე ზრდას გეგმავს. არსებული მდგომარეობით კი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ დაფუძნებული შპს “სითი ლოფტია”.

კომპანიის 220.6-მილიონიანი შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

● წმინდა შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან – 202.1 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 155 მილიონი ლარი;
● შემოსავალი სამორინედან – 4.6 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 4.2 მილიონი ლარი;
● წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან – 12.3 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 14.8 მილიონი ლარი;
● ზოგადი წმინდა შემოსავალი თამაშებიდან – 1.6 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 1.9 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს Adjarabet-ში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 31.1 მილიონი ლარი იყო. ამასთანავე, კომპანიამ 4.9 მილიონი ლარი დახარჯა IT მომსახურებაზე, ცვეთის ხარჯი კი 5.5 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯამურად კომპანიის ადმინისტრაციული ხარჯები 45.9 მილიონი ლარი იყო.

Adjarabet-მა 2019 წელს მარკეტინგულ ხარჯებზე 27.65 მილიონი ლარი დახარჯა, მათ შორის 14.7 მილიონი ლარი უშუალოდ სარეკლამო ხარჯი იყო, 9.4 მილიონი ლარი კი სხვადასხვა სახის წამახალისებელი გათამაშების ხარჯი იყო.

“2020 წლის იანვარში კომპანიამ გამოაცხადა და მშობელ კომპანიას (შპს „ატლასი“) გადაუხადა 2019 წლის დივიდენდი 55 მილიონი ლარის ოდენობით,”- ნათქვამია აუდიტორულ ანგარიშში.

შპს “ავიატორის” ანუ Adjarabet-ის აქტივები 107 მილიონი ლარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *