ტრამპმა 2016–2017 წლებში ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით მხოლოდ $750 გადაიხადა – მედია

ტრამპმა 2016–2017 წლებში ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით მხოლოდ $750 გადაიხადა – მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2016 და 2017 წლებში ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით მხოლოდ $750 გადაიხადა. შესაბამისი დოკუმენტი The New York Times-მა მოიპოვა. გამოცემა წერს, რომ ტრამპი წლების განმავლობაში არიდებდა თავს გადასახადებს, ვინაიდან მან უფრო მეტი თანხა დაკარგა, ვიდრე მოიგო.

The New York Times–ი წერს, რომ მან თითქმის ოცი წლის მონაცემები მოიპოვა, რომელიც ასობით იმ კომპანიის გადასახადებს ეხება, რომელიც პრეზიდენტის ბიზნეს იმპერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.

გამოცემის ცნობით, ტრამპის მთავარი ბიზნესები, როგორიცაა მაგალითად გოლფის კურსები, წლის განმავლობაში კარგავდნენ მილიონობით და ზოგჯერ ათობით მილიონ დოლარს.

2000 წლის შემდეგ, ტრამპმა $315.6 მილიონი დაკარგა მხოლოდ გოლფის კურსებიდან, მაშინ როდესაც ვაშინგტონში მდებარე ტრამპის სასტუმრომ 2018 წელს $55 მილიონი იზარალა.

გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად თეთრი სახლის ლიდერი კვირას გამოეხმაურა პრესკონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა: “ძალიან ბევრს ვხდი, მე ვიხდი შტატების საშემოსავლო გადასახადს“.

Trump Organization-ის იურისტმა ალან გარტენმა კი განაცხადა, რომ თუ ყველა არა, The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უმრავლესობა არასწორია და ტრამპს ფედერალური მთავრობისთვის მილიონობით აქვს გადახდილი. თუმცა, შესაძლოა აქ საუბარი იყოს ისეთ გადასახადებზე, როგორიცაა ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების გადასახადები.

ცნობისთვის, ტრამპის ქონება Forbes-ის მიხედვით $2.5 მილიარდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *