საქართველოს ფოსტამ 2019 წელი 3-მილიონიანი მოგებით დაასრულა

საქართველოს ფოსტამ 2019 წელი 3-მილიონიანი მოგებით დაასრულა

ცნობილი გახდა საქართველოს ფოსტის 2019 წლის ფინანსური შედეგები, რომლის თანახმადაც გასულ წელს სახელმწიფო კომპანიამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი – 3-მილიონიანი მოგება მიიღო. 

კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ფოსტის შემოსავალი 13 მილიონი ლარით, 90 მილიონ ლარამდე შემცირდა. შემოსავლების შემცირებასთან ერთად იკლო ხარჯებმაც, 2019 წელს 87 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს კი 2018 წლის ხარჯებთან მიმართებით 17 მილიონი ლარით ნაკლები იყო, შედეგად, კომპანიამ წმინდა მოგებაზე გასვლა შეძლო. 

საქართველოს მთავრობა “ფოსტის” პრივატიზაციაზე მუშაობას მომავალ წელს განაახლებს, ივლისში ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, არსებობს საერთაშორისო აუდიტის დასკვნა, რომელიც სამინისტრომ კომპანიის საპრივატიზაციოდ მომზადებისთვის ჩაატარა, შპს “საქართველოს ფოსტის” აქტივებს კი სახელმწიფო ინვესტორებს 2021 წელს შესთავაზებს.

“საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია არ იგეგმება, რაც შეეხება ფოსტასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა გეგმა საქართველოს ფოსტის პრივატიზების, დავიწყეთ კიდევაც ამაზე მუშაობა. ჩვენს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო კომპანიამ გააკეთა აუდიტი და მთავარი ამოცანა იყო, რომ იმდაგვარად დაგვეგეგმა ეს პრივატიზაცია, რომ სოციალური საკითხები ყოფილიყო დაცული. არის მოსახლეობა სოფლად, მაღალ მთაში მცხოვრები და მათ ფოსტა აუცილებლად უნდა მოემსახუროს და ეს უნდა ყოფილიყო ვალდებულება ინვესტორისთვის. თუმცა, კოვიდმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო უპრიანია ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდეთ, როდესაც ბიზნესგარემო გაუმჯობესდება,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

“საქართველოს ფოსტის” დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მმართველობაში იმყოფება. კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, კომპანია 82 სერვის ცენტრს მართავს და მასში 3 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული. ფოსტის აქტივები 80 მილიონ ლარს შეადგენს. 

“საქართველოს ფოსტის” შესაძლო პრივატიზების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რის შესახებაც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *