2012-18 წლების არჩევნები რიცხვებში

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საინტერესოა, 2012 წლიდან ჩატარებულ არჩევნებში როგორ იცვლებოდა ამომრჩეველთა რაოდენობა და აქტივობა, პარტიებისა და მათი კანდიდატების რეიტინგები. ბოლო 8 წელიწადში 6 არჩევნები ჩატარდა: 2 საპარლამენტო, 2 საპრეზიდენტო და 2 ადგილობრივი თვითმმართველობის.  

 

ამომრჩეველთა რაოდენობა

დღეისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ შედგენილ ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 3.5 მლნ ადამიანია. ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს, რადგან საქართველოს მოსახლეობა (საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა) 3.7 მლნ-ია და აქედან 880 ათასი 18 წელს ქვემოთაა, ანუ მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არა აქვთ. თუ მათ რა ოდენობას 3.7 მლნ-ს გამოვაკლებთ, გამოვა, რომ საქართველოში ხმის მიცემის უფლების მქონე დაახლოებით 2.6 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეები (დაახლოებით 900 ათასი ადამიანი), რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ (ემიგრანტები) და ვიღებთ ამომრჩეველთა ჯამურ რაოდენობას 3.5 მლნ-ს.

აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია: რეალურად, ემიგრანტები აქტიურობის მაღალი მაჩვენებლით არ გამოირჩევიან. ამას ისიც განაპირობებს, რომ საარჩევნო უბნები ყველა ქვეყანაში და მით უმეტეს ყველა ქალაქში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, არ იხსნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როდესაც აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, საზღვარგარეთის უბნებზე მხოლოდ 9,950-მა ადამიანმა გააკეთა არჩევანი. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო ხმების მაქსიმალური რაოდენობა ძალიან ახლოსაა საქართველოში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეთა რაოდენობასთან – 2.6 მლნ-თან.

2012 წელს ამომრჩეველთა რაოდენობა 3,613,851 ადამიანი იყო. ეს რიცხვი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3,537,719-მდე შემცირდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა.

ამომრჩეველთა აქტივობა

2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში ჩატარებულ 6 არჩევნებში ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა 50.4% იყო. 2012 და 2016 წლე ბის საპარლამენტო არჩევნებზე საშუალო აქტივობა 56.5% იყო, 2013 და 2018 წლების საპრეზიდენტო არჩევნების საშუალო აქტივობა 50.3% იყო, ხოლო 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საშუალო აქტივობა – 44.5% .

აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როცა საარჩევნო უბნებში 2.2 მლნ-ზე მეტი ადამიანი მივიდა და აქტივობამ 61.3% შეადგინა. ზოგადად, გაცილებით მაღალი აქტივობაა საპარლამენტო არჩევნებზე, ვიდრე ადგილობრივსა და საპრეზიდენტოზე. თუმცა გამონაკლისი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სადაც აქტივობამ 56.2% შეადგინა.

ამომრჩეველთა რაოდენობას თუ ემიგრანტთა რაოდენობას გამოვაკლებთ, აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში ჩატარებულ არჩევნებში აქტივობა საშუალოდ 65% გამოდის. ეს რიცხვი უფრო ახლოსაა რეალობასთან. ცალკე აღებული 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნების საშუალო აქტივობა 73%-მდეა. ეს არის ის მაქსიმალური რიცხვი, რაც შესაძლოა დაფიქსირდეს 2020 წლის 31 ოქტომბერს. პარტიებს ჯამში მაქსიმუმ 2 მლნ ადამიანის მიყვანა შეუძლიათ საარჩევნო ურნებთან.

               

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველი და ჯერჯერობით ბოლო არჩევნები იყო, რომლის შედეგადაც საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა. არჩევნებზე მისული 2,215,661 ამომრჩევლიდან 1,181,862-მა “ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ” ხმების 55% აიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 40.3%. “ნაციონალურ მოძრაობას“ 867,432-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. 5%-იანი ბარიერი სხვა ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახა.

მაჟორიტარული ნაწილიდან “ქართულმა ოცნებამ“ 41 ოლქი მოიგო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 32. სხვა პარტიების წარმომადგენლებს არც ერთი ოლქი არ მოუგიათ. საბოლოო ჯამში, “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 65.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 48%-მა, 1,691,077- მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. “ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს, 1,012,569-მა ადამიანმა მისცა ხმა და ის 62.1%-იანი მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ხმებთან შედარებით გიორგი მარგველაშვილმა 169 ათასით ნაკლები ხმა აიღო.

მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა ხმების 21.7%-ით. მას ხმა 354,103- მა ადამიანმა მისცა, რაც 513 ათასით ნაკლებია 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებულ ხმებზე.

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 23 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის გარდა ხმების 2%-ზე მეტი ორმა კანდიდატმა მიიღო: ნინო ბურჯანაძემ 10.2% და შალვა ნათელაშვილმა 2.9%.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ბოლო 6 არჩევნებში ყველაზე დაბალი აქტივობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა. ამომრჩეველთა მხოლოდ 43.3% მივიდა არჩევნებზე. “ქართულმა ოცნებამ“ 719,431 ხმა მიიღო (462 ათასით ნაკლები, ვიდრე 2012 წელს), მაგრამ დაბალი აქტივობის გამო ხმების 50.8% ერგო. საკრებულოებში უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 7 ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, მათ შორის – თბილისშიც. თბილისში პირველ ტურში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ 46.1% აიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ – 28%. 12.8% აიღო დი მიტრი ლორთქიფანიძემ, 5.4% – ირმა ინაშვილმა. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში დავით ნარმანიამ 72.5% აიღო, ხოლო ნიკა მელიამ 27.5%. მეორე ტურში სხვა ქალაქების მერის არჩევნებიც “ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს.

პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 317,395 ხმა აიღო (22.4%), რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აღებულ ხმებზე 37 ათასით ნაკლებია, ხოლო 2012 წლის არჩევნების შედეგზე – 550 ათასით.

2014 წლის არჩევნებზე მესამე ადგილზე “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ გავიდა 144,691 ხმით (10.2%), ხოლო მეოთხეზე “პატრიოტთა ალიანსი“ 66,805 ხმით (4.7%).

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1,814,276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობამ 51.6% შეადგინა. “ქართულ ოცნებას“ 856,638-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პროპორციულ ნაწილში ხმების 48.7% დააგროვა, პროპორციული სიით პარლამენტში 44 მანდატი მოიპოვა, ხოლო მაჟორიტარული წესით 71, ჯამში კი 115. "ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ორი მაჟორიტარული ოლქი დათმო, მთაწმინდაზე სალომე ზურაბიშვილმა მოიგო და ხაშურში – სიმონ ნოზაძემ “მრეწველებიდან“. “ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობა მეორე ტურით მოიგო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით “ქართულმა ოცნებამ“ 325 ათასით ნაკლები ხმა აიღო.

“ნაციონალურ მოძრაობას“ 477,053- მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პარტიამ პროპორციულ ნაწილში ხმების 27.1% დააგროვა, მაჟორიტარული ოლქები ყველგან წააგო და საბოლოოდ პარლამენტში 27 მანდატი მოიპოვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 390 ათასით ნაკლები ხმა აიღო, თუმცა 160 ათასით მეტი ხმა აიღო, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებზე 2014 წელს.

პარლამენტში მოხვედრის 5%-იანი ბარიერი კიდევ ერთმა პარტიამ გადალახა – “პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც 88,097-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, 5.01% აიღო. “პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში 6 მანდატი მოიპოვა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 1,570,563-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობამ 45.7% შეადგინა. “ქართულ ოცნებას“ 838,154-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პარტიამ ხმების 55.8% დააგროვა. 119 ათასით მეტი ხმა აიღო, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში. საკრებულოებში უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში კახა კალაძემ მოიგო 51%-ით. მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილი გავიდა 17.5%-ით, ხოლო მესამეზე “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი – 16.6%-ით. ოლქების ნაწილში მეორე ტური გაიმართა, სადაც “ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 256,547 ხმა აიღო (17.1%), რაც 2014 წლის არჩევნებზე აღებულ ხმებზე 61 ათასით ნაკლებია. კლება არჩევნებში პარტია “ევროპული საქართველოს“ მონაწილეობამ განაპირობა, რომელმაც 156,232 ხმა აიღო და 10.4%-ით მე-3 ადგილზე გავიდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “ევროპულმა საქართველომ“ ერთად 95 ათასით მეტი ხმა აიღეს, ვიდრე “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2014 წელს.

მეოთხე ადგილზე “პატრიოტთა ალიანსი“ გავიდა 98,530 ხმით (6.6%). 2014 წელთან შედარებით მათი მხარდამჭერების რაოდენობა 23 ათასით გაიზარდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 46.7%-მა, 1,637,956-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 615,572-მა ადამიანმა მისცა ხმა. მან ხმების 38.6% დააგროვა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებულ ხმებთან შედარებით ზურაბიშვილმა 397 ათასით ნაკლები ხმა აიღო.

მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდა ხმების 37.7%-ით. მას ხმა 601,224-მა ადამიანმა მისცა. ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის“ საუკეთესო შედეგი 2012 წლის შემდეგ. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით 247 ათასით მეტი ხმა აიღო "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

მესამე ადგილზე “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა 174,849 ხმით (11%). საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 25 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. უკვე აღნიშნული კანდიდატების გარდა, ხმების 2%-ზე მეტი კიდევ სამმა კანდიდატმა აიღო: შალვა ნათელაშვილმა – 3.7%, ზურაბ ჯაფარიძემ – 2.3% და დავით უსუფაშვილმა – 2.3%.

               

რადგან 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის სრული მობილიზება განახორციელა და მეორე ტურში არჩევნებზე 1,975,845 ამომრჩეველი მივიდა, 338 ათასით მეტი, ვიდრე პირველ ტურში. აქტივობამ 56.2% შეადგინა.

მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 1,147,701 ხმა მიიღო (59.5%), რაც 2012 წლის შემდეგ “ქართული ოცნებისთვის“ რეკორდული რიცხვია. გრიგოლ ვაშაძემ 780,680 ხმა მიიღო (40.5%), რაც 2012 წლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ რეკორდული რიცხვია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერა 2.2-ჯერ (427 ათასი ხმით) გაიზარდა.

ჩვენ გირჩევთ

Meet the Man Who is Bringing Foreign Investors to Georgia

Meet the Man Who is Bringing Foreign Investors to Georgia

Meet the Man Who is Bringing Foreign Investors to Georgia

წინა სტატია

საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები მსოფლიოში – Forbes-ის რეიტინგი
20 October, 2020

შემდეგი სტატია

The Investor
20 October, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker