2020 წლის 9 თვეში ქართულმა ბანკებმა 252 მილიონი ლარით იზარალეს

2020 წლის 9 თვეში ქართულმა ბანკებმა 252 მილიონი ლარით იზარალეს

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 252-მილიონიანი ზარალი განიცადეს – ამის შესახებ ეროვნულ ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სექტემბერში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა, შედეგად წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს შეადგენდა, სექტემბერში 252 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუ ბანკების მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შესაძლოა, საფინანსო სექტორმა 2020 წელი კრიზისის მიუხედავად 100 მილიონ ლარზე ნაკლები ზარალით ან სულაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულოს. 

როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა “აქტივების შესაძლო დანაკარგების” ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმაც გააკეთა. კობა გვენეტაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს სექტორი გასულ წლებში არსებულ მოგების მაჩვენებლებს დაუბრუნდება. 

“რა თქმა უნდა, იქნება პორტფელის გაუარესება, რა თქმა უნდა, უმოქმედო სესხები აღარ იქნება ისეთი დაბალი, როგორიც ის დღესაა. უნდა ითქვას, რომ უმოქმედო სესხები საკმაოდ დაბალი გვქონდა არამარტო რეგიონის ქვეყნებთან, არამედ უმრავლეს შესადარის ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ ეს ზრდაც უმოქმედო სესხების იქნება აბსოლუტურად გადატანადი ფინანსური სისტემის მიერ, რადგანაც მათ აქვთ ძალიან კარგი ბაზა როგორც ლიკვიდობის, ასევე კაპიტალის, რომლის დაგროვებაც დროთა განმავლობაში ხდებოდა. მოგეხსენებათ, ბანკების მიერ შეფასებულმა საკრედიტო დანაკარგება 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოტენციური ხარჯი და ზარალი, შესაძლებელია, უფრო ნაკლები იყოს. კომერციული ბანკები ახორციელებენ აქტიურ შეფასებას და მე იმედი მაქვს, რომ ეს თანხა ამდენი (1.2 მილიარდი ლარი) არ იქნება, თუმცა ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც თუ ასე იქნა, ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალის ადეკვატურობას და ლიკვიდურობას საკმაოდ მაღალ დონეზე და მათ ფუნქციონირებას არანაირი პრობლემა არ ემუქრება. რაც შეეხება მათ ზარალს, გატარებული რეზერვების გამო შესაძლოა, რომ 2020 წელი მათ მცირე ზარალით დაასრულონ, თუმცა სტაბილური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს შემდეგ წელს უკვე აღიდგენენ”, – ამბობს კობა გვენეტაძე.

როგორია ბანკების საოპერაციო საქმიანობა?

რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის 9 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 2.9 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად კი ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.47 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 2%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 22%-ით არის გაზრდილი. 

არასაპროცენტო შემოსავლები კი, 650 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 1%-ით არის შემცირებული. ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 9 თვეში 230 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 48%-ით არის შემცირებული და 34 მილიონ ლარს შეადგენს. 

რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 3.86 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 53%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 184 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 813 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 36%-ით არის გაზრდილი და 568 მილიონ ლარს აღწევს. 

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის ცხრა თვეში 252 მილიონი ლარი იყო.

უფრო დეტალურად კონკრეტული ბანკების მოგება/ზარალის რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *