საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 72-ე ადგილზეა

2 (17)

Trading Economics-ის მონაცემებით, ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 72-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ინფლაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს თითქმის ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდნობა, რომელიც 300-მდე დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც მოსახლეობა ძირითადად ხარჯავს ფულს. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარი ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და დასვენება-გართობის წილი.

სფი-ში პროდუქტებს განსხვავებული წონები აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და, შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, საშუალო მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ. მაგალითად, საქართველოში პურის გაძვირება უფრო ზრდის ინფლაციის დონეს, ვიდრე იოგურტის გაძვირება.

ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Trading Economics-ი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.

საქართველო ინფლაციის რეიტინგში

Trading Economics-ის 2025 წლის აპრილის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 3.4%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 72-ე ადგილზეა 161 ქვეყანას შორის, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 71 ქვეყანაშია, ხოლო 89 ქვეყანაში უფრო დაბალი ინფლაციაა.

საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 9.2%-ით – ჯანმრთელობის დაცვა (წამლები და ექიმის მომსახურება) გაძვირდა. შემდეგ მოდის სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც 7%-ით გაძვირდა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება 6.1%-ით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – 433%-ით. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 90%-ით, ლიმონი გაძვირდა. შემდეგ მოდის კომბოსტო, რომელიც 61%-ით გაძვირდა. ბადრიჯანი 52%-ით გაძვირდა, კიტრი – 44%-ით, ზეთი – 16%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად – 12.4%-ით – კავშირგაბმულობის მომსახურება გაიაფდა. ტრანსპორტი (საწვავის ჩათვლით) 2.2%-ით გაიაფდა. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 40%-ით ინტერნეტის გადასახადი გაიაფდა. მწვანე ლობიო 29%-ით გაიაფდა, ვაშლი 27%-ით, ნიორი 22%-ით.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში, პერიოდის ბოლოს

წყარო: საქსტატი
ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია

ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ვენესუელაში გაიზარდა – 172%-ით. ვენესუელას ბოლო წლებში ზოგადად მაღალი ინფლაცია ახასიათებს. წინა წლებშიც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა. ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე ზიმბაბვეა, სადაც ფასები 86%-ით გაიზარდა. შემდეგ არგენტინა მოდის 47%-იანი ინფლაციით. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან. ტოპ-10-ში შემავალი არგენტინა და თურქეთი ამ მხრივ გამონაკლისია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთშია (38%). რუსეთში ინფლაცია 10.2%-ია, აზერბაიჯანში 6.3%, ხოლო სომხეთში 3.2%.

ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა

 ქვეყანაინფლაციის დონე, %
1ვენესუელა172
2ზიმბაბვე86
3არგენტინა47
4ბურუნდი41
5თურქეთი38
6ირანი37
7მალავი29
8ჰაიტი25
9ნიგერია24
10ანგოლა22

წყარო: tradingeconomics.com

დეფლაცია დაფიქსირდა, ანუ ფასები შემცირდა მხოლოდ 10 ქვეყანაში. მათ შორის, ყველაზე მეტად შრი-ლანკაში და ჯიბუტიში.

ქვეყნები, სადაც დეფლაციაა

 ქვეყანაინფლაციის დონე, %
1შრი-ლანკა-2.0
2ჯიბუტი-1.6
3ფიჯი-0.9
4პანამა-0.7
5ეკვადორი-0.7
6ბრუნეი-0.5
7ტაილანდი-0.2
8სენეგალი-0.2
9ელ-სალვადორი-0.1
10ჩინეთი-0.1

წყარო: tradingeconomics.com

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა

There are no posts to list.