ივნისში 0-დან 600 ლარამდე ხელფასი დასაქმებულთა 12.4%-მა აიღო - PMCG

ივნისში 0-დან 600 ლარამდე ხელფასი დასაქმებულთა 12.4%-მა აიღო - PMCG

PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში საქართველოში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა მაისთან შედარებით 0.5%-ით, წლიურ ჭრილში კი 3.4%-ით გაიზარდა და 997,254 შეადგინა.

ივნისის მდგომარეობით, ხელფასის მიმღებთა შორის 0-დან 600 ლარამდე თვიური ანაზღაურების მქონე პირთა წილი კვლავ მცირდება, თუმცა მაინც მაღალია და 12.4%-ს უტოლდება. ამავე წლის მაისთან შედარებით, მათი წილი უმნიშვნელოდ, 0.2%-ით არის შემცირებული, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით კი – 3.3%-ით.

2025 წლის ივნისში ხელფასის მიმღებთა შორის იმ ადამიანების წილი, რომლებიც ყოველთვიურად 2400 ლარს და მეტს გამოიმუშავებდნენ, 32.8%-მდე იყო. მაისთან შედარებით მაჩვენებელი 0.9%-ით არის გაზრდილი, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი – 6.6%-ით.

9600 ლარი ან უფრო მაღალი თვიური ანაზღაურება ხელფასის მიმღებთა კვლავ 2.8%-ს ჰქონდა. მაისთან შედარებით მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 0.1%-ით არის გაზრდილი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 0.6%-ით.