საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94.4%-ს ჰქონდა, 72.6% კი ინტერნეტთან დასაკავშირებლად ისეთ ფიქსირებულ საშუალებებს იყენებდა, როგორიცაა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი, საკაბელო ტექნოლოგია, DSL კავშირი და სხვა.
ანგარიშის მიხედვით, 1 GBIT/S-ზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 4.6%-ს ჰქონდა. ინტერნეტის ყველაზე გამოყენებადი სიჩქარე 10-დან 30 MBIT/S-მდე მერყეობს და მას საწარმოების 35.8% ფლობს. 30-დან 100 MBIT/S-მდე სიჩქარის ინტერნეტი კი, 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 26.2%-ს ჰქონდა.
საწარმოს კუთვნილ კორპორაციულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც საწარმოს მიზნებისთვის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფდა, დასაქმებულთა 21.4% იყენებდა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების მხოლოდ 13.2% იყენებს ვებგვერდს ან ვებსაიტს. აღნიშნულ ვებგვერდებსა და ვებსაიტებზე კი ყველაზე ხელმისაწვდომი ფუნქცია საქონლისა და მომსახურების აღწერა, ასევე მათი ფასებია. ამ ინფორმაციას არსებული საწარმოების ვებგვერდების 77%-ზე შევხვდებით.
გარდა ამისა, იმ საწარმოთა წილი, რომლებიც საკუთარი საქმიანობისათვის სოციალურ ქსელებს იყენებენ, 29.6%-ია. 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 70% სოციალური მედიის არხებს საერთოდ არ იყენებს.