10 მილიარდერი, რომელთა ქონებაც 2025 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

10 მილიარდერი, რომელთა ქონებაც 2025 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

2025 წლის ოქტომბერში, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $500-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. გასული კვირის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებამ $600-მილიარდიანი ნიშნული გადახალა, კვირის დასასრულს კი $700 მილიარდს გადააჭარბა. ბოლო ერთ კვირაში მასკის ქონების მკვეთრი ზრდა უმეტესაც მის დაარსებულ ავიაკოსმოსურ კომპანია SpaceX-ს და დელავერის სასამართლოს მიერ Tesla-ს აქციების გაუქმებული ოფციონების აღდგენას უკავშირდებოდა.

შედეგად, 2025 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, ამერიკული Forbes-ი ილონ მასკის ქონებას $754 მილიარდად აფასებს. და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა წელი $421 მილიარდის სიმდიდრით დაიწყო. მხოლოდ მიმდინარე წელს მასკის ქონება $333 მილიარდზე მეტით, შესაბამისად, დღეში საშუალოდ $935 მილიონით გაიზარდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერი სხვა მილიარდერის ქონება – მაგალითად, მეორე უმდიდრესი ადამიანი, ლარი პეიჯი, $255 მილიარდს ფლობს.

თუმცა მასკთან ერთად, უკანასკნელი 12 თვე მოგებიანი აღმოჩნდა სხვა მილიარდერებისთვისაც. Forbes-ის მონაცემებით, საერთო ჯამში პლანეტის 3,100-ზე მეტი მილიარდერი იანვრის დასაწყისიდან $3.6 ტრილიონით გამდიდრდა, რაც მათ კოლექტიურ სიმდიდრეს $18.7 ტრილიონამდე ზრდის.

მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოგების მქონე ათი ადამიანის სიმდიდრე $729 მილიარდზე მეტით გაიზარდა. მათგან უმრავლესობა, ექვსი პირი, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა. სიმდიდრის მატება კი ძირითადად ხელოვნურ ინტელექტში მკვეთრად გაზრდილ ინვესტიციებზე მოდიოდა, მათ შორის Oracle-ის დამფუძნებლის, ლარი ელისონის, Nvidia-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგისა და Google-ის ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის შემთხვევაში.

AI-ზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება SoftBank-ის დამფუძნებლის, მასაიოში სონის ქონების ზრდაც. კომპანიამ 2025 წელს ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში ინვესტიციები გააორმაგა, მათ შორის $6.5 მილიარდად ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი Ampere Computing Holdings-ი შეიძინა, ხოლო Nvidia-მ $5.8 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.

ათეულში მეექვსეა Inditex-ის დამფუძნებელი, ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგა, რომელმაც მიმდინარე წელს კომპანიაში 60%-იანი წილის წყალობით მხოლოდ დივიდენდის სახით $3 მილიარდი მიიღო. Inditex-მა პირველ სამ კვარტალში რეკორდული $5.4 მილიარდის წმინდა მოგებაც დააფიქსირა, რაც წლიურად 3.9%-იანი ზრდაა.

ათეულში ასევე მოხვდა მექსიკის სპილენძის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Grupo México-ს აღმასრულებელი დირექტორი, ხერმან ლარეა მოტა-ველასკო. ბოლო 12 თვეში, მაღალი მოთხოვნის გავლენით, ტარიფებთან დაკავშირებული შეშფოთებების გათვალისწინებით და სწორი დივერსიფიკაციით, კომპანიის აქციების ღირებულება 100%-ით გაიზარდა.

ათეულში კიდევ ერთი მექსიკელი, ლათინურ ამერიკაში მობილური კომუნიკაციების უმსხვილესი კომპანია América Móvil-ის დამფუძნებელი კარლოს სლიმ ელუა. კონგლომერატს მიმდინარე წელს 3 მილიონზე მეტი აბონენტი დაემატა, ხოლო შემოსავალი პირველ ცხრა თვეში 10.5%-ით გაიზარდა.

10 მილიარდერი, რომელთა ქონებაც 2025 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

ილონ მასკი

ქონება $754.4 მილიარდი (+$333.2 მილიარდი) – ტექნოლოგიები, აშშ

Andrew Harnik/Getty Images

ლარი პეიჯი

ქონება $254.7 მილიარდი (+$98.7 მილიარდი) – ტექნოლოგიები, აშშ

Photo: Shutterstock

სერგეი ბრინი

ქონება $235.1 მილიარდი (+$86.1 მილიარდი) – ტექნოლოგიები, აშშ

Getty Images

ჯენსენ ჰუანგი

ქონება $159.5 მილიარდი (+$42.3 მილიარდი) – ტექნოლოგიები, აშშ

Chesnot—Getty Images

ლარი ელისონი

ქონება $250.3 მილიარდი (+$40.6 მილიარდი) – ტექნოლოგიები, აშშ

Phillip Faraone—Getty Images

ამანსიო ორტეგა

ქონება $145.2 მილიარდი (+$28.7 მილიარდი) – მოდა, საცალო გაყიდვები, ესპანეთი

The Business Times

ხერმან ლარეა მოტა-ველასკო

 ქონება $51.4 მილიარდი (+$25.6 მილიარდი) – ლითონები, სამთო მოპოვება, მექსიკა

Bloomberg Finance LP /Susana Gonzalez

მასაიოში სონი

ქონება $56.1 მილიარდი (+$25.4 მილიარდი) – ფინანსები და ინვესტირება, იაპონია

Toru Hanai / Bloomberg

მარკ ცუკერბერგი

ქონება  $226.8 მილიარდი (+$24.3 მილიარდი) – ტექნოლოგიები, აშშ

AFP via Getty Images

კარლოს სლიმ ელუ

ქონება $101.6 მილიარდი (+$24.3 მილიარდი) – ტელეკომუნიკაციები, მექსიკა

Getty Images