მსოფლიო უკიდურესად საშიშ ფაზაში შედის, რომელშიც გლობალური წესრიგი სწრაფად იცვლება. იან ბრემერის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო ცენტრის, EurasiaGroup-ის ყოველწლიური ანგარიშის ავტორები შექმნილ ვითარებას გასული საუკუნის 1930-იან წლებსა და ცივი ომის საწყის პერიოდს ადარებენ. მათი აზრით, წლის მთავარი გეოპოლიტიკური რისკების ათეული ასე გამოიყურება.
რისკი N1: ჯუნგლის კანონების დაბრუნება
მსოფლიოს მთავარ საფრთხედ საერთაშორისო ურთიერთობებში ჯუნგლის კანონის დაბრუნებაა დასახელებული.
იან ბრემერისა და ჩარლი კუპჩანის ავტორობით შექმნილ ანგარიშში საუბარია, რომ მსოფლიო გადადის ეპოქაში, როდესაც ყველა სახელმწიფო თავის ვიწრო ეროვნულ ინტერესებზე იქნება ფოკუსირებული – ეს არის ერა, რომელშიც არცერთ ცალკე აღებულ სახელმწიფოს ან ქვეყნების ჯგუფს არ სურს და არ შეუძლია საერთაშორისო დღის წესრიგის ჩამოყალიბება და/ან შენარჩუნება. გლობალური ლიდერშიპის დეფიციტი საშიშ ზღვარს უახლოვდება“.
ანგარიშის მიხედვით, ასეთი ფონი ნოყიერ ნიადაგს იძლევა ენდემური გეოპოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის, რომელიც შეასუსტებს გლობალურ უსაფრთხოებას და მსოფლიოს ეკონომიკურ არქიტექტურას. ავტორების შეფასებით, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ძალაუფლების ვაკუუმების გაჩენას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, წაახალისოს რევიზიონისტულად განწყობილი მოთამაშეები და გაზარდოს გეოპოლიტიკური ინციდენტების, მისკალკულაციისა და კონფლიქტის რისკი.
„მსოფლიოში ახალი უმწვავესი კრიზისის, მათ შორის გლობალური ომის რისკი უპრეცედენტოდ მაღალია ბოლო ათწლეულებში“,– ნათქვამია ანგარიშში.
არსებული გლობალური წესრიგის მთავარ პრობლემად ავტორები იმას მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტები (გაერო, უსაფრთხოების საბჭო, მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) ვეღარ ასახავენ მსოფლიოში შეცვლილ ძალთა ბალანსს.
„ეს გეოპოლიტიკური რეცესიაა“,- წერენ ავტორები.
რისკი N2: ერთპიროვნული მმართველობა
აღმასრულებელი ხელისუფლების შემკავებელი დამოუკიდელი ინსტიტუტების ეროზია ზრდის სივრცეს, რომლის ფარგლებში აშშ–ის პოლიტიკის ლანდშაფტი მზარდად დამოკიდებულია ერთი ძლევამოსილი მმართველის გადაწყვეტილებებზე.
2024 წლის არჩევნებში გამარჯვების ხარისხით გაძლიერებული, ლოიალისტებისგან დაკომპლექტებული კაბინეტით, თეთრ სახლში დაბრუნებული, პირველ ვადასთან შედარებით უკეთ ორგანიზებული და გამოცდილი ტრამპის მეორე ვადა ძალიან განსხვავებული იქნება.
ტრამპმა გარდაქმნა და სრულ კონტროლს დაუქვემდებარა რესპუბლიკური პარტია, მისი გარემოცვა კი დაკომპლექტებულია მასთან იდეოლოგიურად თანხვდენილი ერთგული კადრებისგან.
ავტორები ტრამპის სიძლიერის დამატებით ფაქტორად აშშ–ის უმაღლეს სასამართლოში მყარ კონსერვატორულ დომინაციას (6:3) და შეცვლილ მედიალანდშაფტს ასახელებენ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტრამპის დღის წესრიგის დაწინაურებას.
ტრამპი და მისი გარემოცვა მიიჩნევენ, რომ პირველ ვადაში მათი დღის წესრიგი არალოიალურმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და ე.წ. Deep State-ის გავლენამ დააზიანა.
კუპჩანისა და ბრემერის შეფასებით, ტრამპის რიტორიკა და მისი კაბინეტის შემადგენლობა მიანიშნებს, რომ აშშ–ის 47-ე პრეზიდენტი სერიოზულად არის განწყობილი ფედერალური მთავრობისა და საშუალო რგოლის ბიუროკრატიის ჩასანაცვლებლად. ამგვარი ტენდენციები განსაკუთრებით საგრძნობი იქნება იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში.
ტრამპს სურს, მკაცრ კონტროლს დაუქვემდებაროს ფედერალური მთავრობის აპარატი და ხარჯები, ის შესაძლოა დაემუქროს არალოიალურად განწყობილ რესპუბლიკელებს კონგრესში, რაც ძალაუფლების ბალანსს აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვლის.
რისკი N3: ამერიკისა და ჩინეთის გაყრა
„ტრამპის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ურთიერთობის მკვეთრ გაწყვეტას მოასწავებს“,– ნათქვამია ანგარიშში.
2023 წლის ნოემბერში ჯო ბაიდენისა და სი ძინპინგის მიერ მიღწეული განმუხტვის ფარგლებში აშშ–ისა და ჩინეთის ურთიერთობებში შედარებით სტაბილური პერიოდი დადგა. დონალდ ტრამპის დაბრუნება დაამსხვრევს ამ სტაბილურობას.
ავტორების შეფასებით, საგარეო ვაჭრობის შესახებ ტრამპის ხედვების გათვალისწინებით, ამგვარი დესტაბილიზაცია განსაკუთრებით მკაფიო იქნება ეკონომიკურ ურთიერთობებში.
ბრემერისა და კუპჩანის აზრით, ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე კვირაში დააწესებს სავაჭრო ტარიფებს ჩინურ იმპორტზე, რისი მიზანიც პეკინზე წნეხის გაზრდა და ვაშინგტონისთვის მოგებიან ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე დაყოლიება იქნება.
ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ტრამპი არ დააწესებს 60%-იან ტარიფებს, რის შესახებაც წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა, მათი შეფასებით, ტარიფები ჩინურ იმპორტზე 40%-ით გაიზრდება.
ავტორები მოვლენათა განსხვავებულ განვითარებასაც არ გამორიცხავენ, რომლის ფარგლებშიც ტარიფები უფრო მეტად გაიზრდება – „იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის მიერ ხაზინის მდივნად დასახელებული სკოტ ბესენტი შიდა ბრძოლაში ისეთ სავაჭრო ქორებთან არ დამარცხდა, როგორიცაა ჯეიმსონ გრისი, ეს პეკინისთვის წითელი ხაზების გადაკვეთის ტოლფასი იქნება.
რისკი N4: ტრამპონომიკა
ტრამპი კარგ ფორმაში მყოფ ეკონომიკას იბარებს, თუმცა მისმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ახალი პრობლემები წარმოქმნას, ინფლაციისა და ზრდის კლების სახით.
„ამერიკის ეკონომიკა 2025 წელს კარგ ფორმაში ხვდება, სხვა განვითარებული ეკონომიკებისგან განსხვავებით, ჯამური გამოშვება უკვე აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებლებს. უმუშევრობა 4%-ის ფარგლებშია, ხოლო ინფლაცია ნელ–ნელა ფედერალური რეზერვის სამიზნე მაჩვენებელს (2%) უბრუნდება, ეს იძლევა საბაზისო განაკვეთების კლების საშუალებას. მაგრამ საფონდო ბაზარი და ბიზნესი ოპტიმიზმს ღალატობს, ისინი იმედგაცრუების პირას არიან“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ტრამპის ეკონომიკური დღის წესრიგი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას ნახევრად ფარულ რისკებს უქმნის. ამ თვალსაზრისით შესაძლოა განსაკუთრებით ზარალის მომტანი იყოს ტრამპის ორი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება: სავაჭრო ტარიფები და არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია.
რისკი N5: რევიზიონისტული რუსეთი
სხვა ქვეყნებს შორის რუსეთი გააკეთებს მაქსიმუმს გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოსათხრელად.
ავტორების აზრით, ირანის დასუსტების ფონზეც კი, რუსეთი მიმდინარე წელს აშშ–ის ლიდერობით მოქმედი გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოსათხრელად აქტიურად იმუშავებს.
„რუსეთი გადადგამს მტრულ, ასიმეტრიულ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრი მომიჯნავე სახელმწიფოების წინააღმდეგ”,- ნათქვამია ანგარიშში.
კუპჩანისა და ბრემერის შეფასებით, რუსეთი მიმდინარე წელსაც დარჩება რევიზიონისტული ღერძის (რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა) ლიდერად, ხოლო კრემლის მიერ ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან გაფორმებული სტრატეგიული სამხედრო ხელშეკრულებები გლობალურ წესრიგს დამატებით რისკებს უქმნის.
პუტინის მთავარი მიზანი არა მხოლოდ და არა იმდენად ახალი წესრიგის ჩამოყალიბებაა, რამდენადაც არსებულის აყირავება და ქაოსის დათესვა.
რისკი N6: ირანი ნოკაუტში
მიმდინარე წელს ახლო აღმოსავლეთი კვლავ ძალიან არასტაბილური რეგიონი იქნება, ამას კი ერთი მიზეზი აქვს – ირანი ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო სისუსტის ფაზაშია.
2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის შემდეგ, ირანის გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა რამდენიმე დამანგრეველი დარტყმა მიიღო: ღაზაში ისრაელის მიერ „ჰამასის“ პრაქტიკული განადგურება, მოგვიანებით ე.წ. წინააღმდეგობის რკალის გვირგვინის, „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია და ათასობით მოკლული მებრძოლი.
დეკემბერში დაემხო ბაშარ ასადის რეჟიმი სირიაში – ირანის მთავარი კლიენტი არაბულ სამყაროში. ამგვარი დარტყმების კომბინაციამ პრაქტიკულად გაანადგურა ირანის მიერ ათწლეულების განმავლობაში ნალოლიავები წინააღმდეგობის რკალი. ირანი კვლავ ინარჩუნებს კონტროლს ერაყში მოკალათებულ შეიარაღებულ პროქსი დაჯგუფებებზე და ჰუსიტებზე იემენში, თუმცა მათი რეგიონალური პოლიტიკა ფაქტობრივად აღარ არსებობს.
ირანს კვლავ აქვს რაკეტებისა და დრონების მოცულობითი მარაგი, თუმცა ეს ათასობით კილომეტრით დაშორებული და საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახუნძლული ისრაელის წინააღმდეგ დიდი ვერაფერი შველაა.
ავტორების შეფასებით, ასეთ ვითარებაში აიათოლების რეჟიმი ფსონს ბირთვული პროგრამის განვითარებაზე ჩამოდის – სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, ირანს 6 თვის განმავლობაში შეუძლია ურანის გამდიდრება ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონემდე, თუმცა ბირთვული იარაღის მატარებელი ქობინის შესაქმნელად კიდევ ერთი წელი დასჭირდება.
კუპჩანისა და ბრემერის შეფასებით, ირანის უპრეცედენტო სისუსტის გათვალისწინებით, ბირთვული პროგრამის დაჩქარებას მალევე აღმოაჩენენ ისრაელი და აშშ, რომლებიც ასეთ ვითარებაში სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედებენ.
ირანის რეჟიმის მდგომარეობას ართულებს მზარდი ეკონომიკური პრობლემები, ინფლაცია და მემკვიდრეობის კრიზისი – უმაღლესი სულიერი ლიდერი, ალი ხამენეი 85 წლისა და ჯერ არ ჰყავს შერჩეული მემკვიდრე, რაც, რეჟიმის არაპოპულარობის გათვალისწინებით, შესაძლოა გარტამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს.
რისკი N7: გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია
საფონდო ბირჟებისა და გლობალური ბაზრების ოპტიმიზმის მიუხედავად, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სატარიფო ომების განახლება გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესის შეფერხებას და გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამწვავებას მოასწავებს.
„ჩინეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტო სისუსტის ფაზაშია: უძრავი ქონების ბაზრის მზარდმა კრიზისმა, ეკონომიკის დავალიანების ზრდამ და მომხმარებლების შემცირებულმა ნდობამ პეკინის ეკონომიკური ზრდის მოდელის ლიმიტები მკაფიოდ გამოაჩინა“, – ნათქვამია ანგარიშში.
მტკივნეული რეფორმების გატარების ნაცვლად სი ძინპინი გამოცდილ ხერხს მიმართავს და ფსონს ექსპორტზე ჩამოდის: ჩინეთის ქარხნები აწარმოებენ ბევრად მეტ ელექტრონულ მანქანას, მზის ბატარეებსა და ელექტრონიკას, ვიდრე შიდა ბაზრის საჭიროებებია.
პრობლემას ჭარბწარმოება ქმნის, რომლის გასაღებასაც პეკინი საზღვარგარეთ ცდილობს, ამის გაკეთება კი უფრო რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მიმდინარე სავაჭრო ბალანსი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება და კვლავ მზარდია.
ასეთ ვითარებაში დონალდ ტრამპის შემოსვლამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მდგომარეობა – ავტორების შეფასებით, ტრამპი რიტორიკას ჩინეთის დათმობებზე დასაყოლიებლად იყენებს, რაც არაერთხელ გამოუვიდა, თუმცა ამჯერად მოცულობითი ტარიფების დაწესებამ შესაძლოა ჩინეთის არანაკლებ მწვავე ეკონომიკური ნაბიჯები გამოიწვიოს.
ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა გაამყარებს დოლარს და ხელს შეუწყობს მაღალი საბაზისო განაკვეთების შენარჩუნებს, ეს კი გაზრდის წნეხს მსოფლიოს დანარჩენ ეკონომიკებზე.
რისკი N8: აწყვეტილი ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული რისკები გაიზარდა, მით უფრო იმის ფონზე, რომ მისი რეგულირების საკითხზე გლობალური თანამშრომლობის პროცესი ჯერ კიდევ არ ჩაშვებულა.
ავტორების აზრით, გასულ წელს გაეროში, ევროკავშირში, ევროპის საბჭოში მიღებული რეგულატორული ზომების მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების რისკების დასაზღვევად ეს სიჩქარე და გადადგმული ნაბიჯების ხარისხი მკვეთრად ჩამორჩება ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს.
რისკი N9: უმართავი სივრცეები
გლობალური წესრიგის მოშლა მსოფლიოს არაერთ კუთხეში უმართავ ან ჩამოშლილ სივრცეებს გაამრავლებს.
„ეს რისკი დაკავშირებულია მსოფლიოს მზარდ ფრაგმენტაციასთან, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურად პოლარიზებული და გაყოფილი ამერიკა უარს ამბობს გლობალური ლიდერის ფუნქციებზე“, – წერენ ავტორები.
აშშ–ის როლის კლებით გამოწვეული ვაკუუმი კი ქმნის უსაფრთხოებისა და დესტაბილიზაციის რისკებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ეს ახალისებს რევიზიონისტულ ძალებს, ამცირებს საერთაშორისო თანამშრომლობას, საყოველთაო სიკეთეებზე მომუშავე პროექტებს.
ამ ვითარებაში იზრდება უმართავი ხალხების, ადგილებისა და სივრცეების რიცხვი – იქნება ეს კოსმოსი, მსოფლიო ოკეანე, თუ საჰაერო სივრცე. სარაკეტო დარტყმები 2024 წელს ავიაკატასტროფების ყველაზე ხშირი მიზეზი გახდა.
არ არსებობს არც ცალკე აღებული ერთი სახელმწიფო ან ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც მზად არიან ან სურთ, რომ ასეთ სივრცეებში წესრიგი დაამყარონ და დაეხმარონ “მზარდად ეგოცენტრული” მსოფლიოს მსხვერპლებს.
დონალდ ტრამპისთვის დამახასიათებელი უნილატარელიზმი და იზოლაციონისტური ინსტიქტი კიდევ უფრო გააურესებს მდგომარეობას.
ეს დამატებით რისკებს უქმნის ახალ თაობას – UNICEF-ის მონაცემებით ამ დროისთვის ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს – რიცხვი გაორმაგებულია 1990-იან წლებთან შედარებით.
რისკი N10: ამერიკის და მექსიკის დაპირისპირება
კონსტიტუციური ცვლილებების, ფისკალური სტრესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელი რთული იქნება ამერიკისა და მექსიკის ურთიერთობებში, განსაკუთრებით მექსიკისთვის.
ავტორების შეფასებით, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კლაუდია შეინბაუმის და მმართველი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, მექსიკის პრეზიდენტის დიპლომატიური უნარებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან სერიოზული გამოცდა ელის.