Visual Capitalist-მა, Ship Technology-ის მონაცემების გამოყენებით, საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით, მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული პორტი გამოავლინა. მაჩვენებლები ოცი ფუტის ეკვივალენტური ერთეულით (TEU) არის დათვლილი, რომელიც ტვირთის ტევადობის საზომი ზოგადი ერთეულია. მონაცემები წლიურ ტრაფიკს ასახავს და 2023 წლის შედეგებზე დაყრდნობით არის გამოთვლილი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ათი ყველაზე დატვირთული პორტიდან შვიდი ჩინეთში მდებარეობს. ეს ხაზს უსვამს აზიური სახელმწიფოს ცენტრალურ როლს გლობალურ წარმოებასა და ვაჭრობაში. 2009 წლიდან ქვეყანა მსოფლიოში საქონლის უდიდესი ექსპორტიორია. თუმცა ჩინეთი გლობალურად საკუთარი გავლენის კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს.
ჩინეთის პორტების ქსელის გაფართოება და მოდერნიზაცია უმნიშვნელოვანესია Belt and Road-ის („სარტყლისა და გზის“) ინიციატივისთვის. BRI არის გლობალური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია, რომელიც ჩინეთმა 2013 წელს მიიღო. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს აზიას, ევროპასა და აფრიკას შორის კავშირისა და ვაჭრობის გაფართოებას რკინიგზის, ენერგეტიკული მილსადენების, მაგისტრალებისა და გადაზიდვის მარშრუტების ფართო ქსელების შექმნის გზით.
უნდა ითქვას, რომ ათეულში შემავალი პორტებიდან ცხრა აზიურ სახელმწიფოებში მდებარეობს. სიაში წარმოდგენილი ერთადერთი ევროპული ქვეყანა კი ნიდერლანდებია.
10 ყველაზე დატვირთული პორტი მსოფლიოში:
სახელწოდება | TEU (ოცი ფუტის ეკვივალენტური ერთეული) | ქვეყანა |
---|---|---|
შანხაის პორტი | 49 მილიონი | ჩინეთი |
სინგაპურის პორტი | 39 მილიონი | სინგაპური |
ნინგპო-ჩოუშანის პორტი | 35.3 მილიონი | ჩინეთი |
შენჭენის პორტი | 26.9 მილიონი | ჩინეთი |
ცინდაოს პორტი | 26.4 მილიონი | ჩინეთი |
პუსანის პორტი | 22.8 მილიონი | სამხრეთი კორეა |
ტიანძინის პორტი | 21.8 მილიონი | ჩინეთი |
გუანჯოუს პორტი | 20.8 მილიონი | ჩინეთი |
ჰონგ-კონგის პორტი | 14.3 მილიონი | ჩინეთი |
როტერდამის პორტი | 13.4 მილიონი | ნიდერლანდები |