ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 19 ივლისს, ფინალური შეხვედრით დასრულდება. ტურნირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ჩემპიონატზე 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იასპარეზებს. წლევანდელი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებს კი სამი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა – 16 სხვადასხვა ქალაქში მდებარე სტადიონებზე უმასპინძლებს.
Transfermarkt-ის თანახმად, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობით საფრანგეთის ნაკრები წარდგება. მისი ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება €1.52 მილიარდს შეადგენს. ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი „მადრიდის რეალის“ ცენტრ-ფორვარდი, კილიან მბაპეა, რომლის სატრანსფერო ფასი €200 მილიონს უტოლდება. შემდეგ მოდის „მიუნხენის ბაიერნის“ მარჯვენა გარემარბი, მაიკლ ოლისე, €150 მილიონით და „პარი სენ-ჟერმენში“ ამავე პოზიციაზე მოთამაშე დეზირე დუე, €120 მილიონით.
გუნდებს შორის მეორე ადგილს ინგლისის ეროვნული ნაკრები იკავებს, რომლის ფეხბურთელების ჯამური საბაზრო ღირებულება €1.36 მილიარდს შეადგენს. ინგლისის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, €150 მილიონით, „მადრიდის რეალის“ შემტევი ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემია. მეორე და მესამე ადგილებზე კი „არსენალის“ მოთამაშეები არიან – დეკლან რაისი და ბუკაიო საკა – შესაბამისად, €120 და €110 მილიონით. პირველი მათგანი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, მეორე კი – მარჯვენა გარემარბია.
ნაკრებების რეიტინგში მესამე პოზიციაზე ესპანეთია. მისი გუნდის წევრების ჯამური საბაზრო ღირებულება €1.22 მილიარდია. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 18 წლის ლამინ იამალია €200 მილიონით. მას მოსდევს პედრი €150 მილიონით და პაუ კუბარსი €120 მილიონით. სამივე მათგანი „ბარსელონაში“ თამაშობს, შესაბამისად, მარჯვენა გარემარბის, ცენტრალური ნახევარმცველისა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების ათეულში გვხვდება ნორვეგიაც, რაც დიდწილად ერლინგ ჰაალანდის დამსახურებაა. „მანჩესტერ სიტის“ ცენტრ-ფორვარდის საბაზრო ფასი €200 მილიონს შეადგენს, ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება კი €589.9 მილიონია.
10 ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე














