ბოლო წლებია, მსოფლიოს ტოპ-ლიგებში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბების მხრიდან ქართველი მოთამაშეების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ეს, თავის მხრივ, ფეხბურთელების საბაზრო ღირებულების ზრდას განაპირობებს.
Transfermarkt-ის თანახმად, ამ დროისთვის 10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ფასი ჯამურად 183.5 მილიონ ევროს უტოლდება. მათ შორის კი ყველაზე ძვირად „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ფასობს. მოცემული დროისთვის, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მის კარიერაში უმაღლესი ნიშნულია. შედეგად, საბაზრო ღირებულებით ის მსოფლიოში მე-20 ადგილზეა, „პარი სენ-ჟერმენისა“ და მთლიანად საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეხბურთელებს შორის კი პირველ ადგილს იკავებს.
ხვიჩას ფასი საგრძნობლად „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ გაიზარდა – 2022 წლის ზაფხულში იტალიის სერია A-ს კლუბში მისვლისას კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, მიმდინარე წლის იანვარში „ნაპოლის“ დატოვებისას კი 85 მილიონ ევრომდე იყო გაზრდილი.
მეორე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ცოტა ხნის წინ „ლივერპულს“ შეუერთდა. Transfermarkt-ის თანახმად, მოცემული დროისთვის მისი საბაზრო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობისთვის, ქართველი მეკარე ყველაზე ძვირად, 45 მილიონ ევროდ, 2024 წლის ზაფხულში ფასობდა, როდესაც ესპანური „ვალენსიის“ რიგებში ირიცხებოდა. სწორედ ამ დროს მოიპოვა მამარდაშვილმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სტატუსიც. ამჟამად გიორგი საბაზრო ღირებულებით მეკარეებს შორის მე-6 პოზიციას იკავებს.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ტოპ-სამეულს „ლიონის“ ცენტრ-ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ასრულებს, რომლის საბაზრო ფასიც ამ დროისთვის 22 მილიონ ევროს უტოლდება. ეს მიქაუტაძისთვის კარიერაში უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს. ის საბაზრო ღირებულებით „ლიონის“ ფეხბირთელებს შორის მე-6 ადგილს იკავებს, ლიგა 1-ში კი 36-ე ადგილზეა.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს, Transfermarkt-ის მიხედვით:
№ | ფეხბურთელი | ასაკი | კლუბი | ღირებულება |
---|---|---|---|---|
1 | ხვიჩა კვარაცხელია | 24 | პარი სენ-ჟერმენი | €90 მლნ |
2 | გიორგი მამარდაშვილი | 24 | ლივერპული | €30 მლნ |
3 | გიორგი მიქაუტაძე | 24 | ოლიმპიკ ლიონი | €22 მლნ |
4 | ზურიკო დავითაშვილი | 24 | სენტ-ეტიენი | €10 მლნ |
5 | საბა გოგლიჩიძე | 21 | უდინეზე | €8 მლნ |
6 | ოთარ კიტეიშვილი | 29 | შტურმი | €6 მლნ |
7 | გიორგი ქოჩორაშვილი | 26 | სპორტინგი | €5 მლნ |
8 | გიორგი ჩაკვეტაძე | 25 | უოტფორდი | €4.5 მლნ |
9 | საბა ლობჟანიძე | 30 | ატლანტა იუნაიტედი | €4 მლნ |
10 | ირაკლი აზაროვი | 23 | შახტარი | €4 მლნ |