ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყნების შესახებ ბოლო სტატია 2023 წელს გამოვაქვეყნეთ. 2023 წლის ეკონომიკურ ზრდაზე ჯერ კიდევ ჰქონდა გავლენა პოსტპანდემიურ პერიოდს, რადგან კოვიდპანდემია 2022 წელს დასრულდა და ზოგიერთი ქვეყანა 2022 წელსაც ინარჩუნებდა პანდემიის გამო დაწესებულ ეკონომიკურ შეზღუდვებს.
2024-2025 წლების ზრდა უკვე აღარ უკავშირდება ეკონომიკისთვის პანდემიით მიყენებული ზარალის კომპენსირებას და, შესაბამისად, საინტერესოა, ბოლო ორ წელიწადში რომელი ქვეყნების ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპია ყველაზე მაღალი და რა არის ზრდის მთავარი მიზეზები.
სტატიაში მონაცემთა წყაროდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებია გამოყენებული. სავალუტო ფონდმა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის 2024 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლები და 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები ერთი თვის წინ განაახლა. შესაბამისად, 2025 წლის პროგნოზი ახლოსაა 2025 წლისთვის მოსალოდნელ რეალურ რიცხვებთან. სტატიაში წარმოდგენილ რეიტინგში ქვეყნები რანჟირებულია 2024-2025 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მიხედვით.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ე.წ. საბაზისო მდგომარეობაც თამაშობს: ღარიბ ქვეყანაში უფრო იოლია მაღალი ზრდის მიღწევა, ვიდრე მდიდარ ქვეყანაში და ეს, მათემატიკური ფაქტორის გარდა, გამოუყენებელი რესურსების, დაბალი შიდა კონკურენციისა და კაპიტალზე შედარებით მაღალი სარგებლიანობის გამო ხდება.
ბენინი
მოსახლეობა: 14 მლნ
მშპ: 20 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 1,500 დოლარი (4,800 PPP დოლარი)
2024 წელს ბენინის ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 2025 წელს 7%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 7.2%-ია. ბენინი ღარიბი აფრიკული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა ბოლო ათი წელია, ნორმალური ტემპით იზრდება, ჯერ სიღარიბეს თავი ვერ დააღწია, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 153-ე ადგილზეა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობის რიცხვიც სწრაფად იზრდება, რაც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპს ანელებს.
ბენინის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მისი საზღვაო პორტი რეგიონალური ვაჭრობის საზღვაო კარად არის მიჩნეული. ბენინმა მოახერხა ფისკალური სტაბილურობისა და დაბალი ინფლაციის მიღწევა. ქვეყანამ გაატარა რამდენიმე რეფორმა ბიზნესის გარემოს გასაუმჯობესებლად. მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით პოლიტიკური სტაბილურობა აქვს. მნიშვნელოვნად ეხმარებიან დონორები: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ევროკავშირი.

ეთიოპია
მოსახლეობა: 110 მლნ
მშპ: 109 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 1,070 დოლარი (4,400 PPP დოლარი)
2024 წელს ეთიოპიის ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა, 2025 წელს 7.2%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 7.6%-ია. ეთიოპიაც ღარიბი აფრიკული ქვეყანაა, სადაც დემოგრაფიული ბუმია. ბოლო ათ წელიწადში მოსახლეობა 23%-ით გაიზარდა, რაც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპს ანელებს. ერთ მოსახლეზე შემოსავლით ეთიოპია მსოფლიოში 157-ე ადგილზეა.
ეთიოპიის სწრაფი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იაფი სამუშაო ძალაა. მოსახლეობის 70% 30 წლამდე ასაკისაა. ყავის წარმოებით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით, რაც ქმნის საფუძველს, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდეს აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში. ზრდის ტემპი მაღალია მომსახურების სექტორსა და მშენებლობაში, რაც ურბანიზაციის ზრდით და სახელმწიფო პროექტებითაა განპირობებული.

ტაჯიკეთი
მოსახლეობა: 11 მლნ
მშპ: 13 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 1,400 დოლარი (6,000 PPP დოლარი)
2024 წელს ტაჯიკეთის ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა, 2025 წელს 7.5%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 7.9%-ია. ტაჯიკეთშიც დემოგრაფიული ბუმია. ბოლო ათ წელიწადში მოსახლეობა 28%-ით გაიზარდა, რაც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპს ანელებს. ერთ მოსახლეზე შემოსავლით ტაჯიკეთი მსოფლიოში 145-ე ადგილზეა.
2022-2025 წლებში ტაჯიკეთის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი რუსული ფული გახდა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაიზარდა როგორც რუსი მიგრანტების რაოდენობა ტაჯიკეთში, ისე ტაჯიკეთ-რუსეთის ვაჭრობა. 2024 წელს ტაჯიკეთის მიერ ფულადი გზავნილებით მიღებულმა თანხამ (ძირითადად რუსეთიდან) ეკონომიკის 49% შეადგინა.

რუანდა
მოსახლეობა: 15 მლნ
მშპ: 15 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 1,040 დოლარი (4,100 PPP დოლარი)
2024 წელს რუანდის ეკონომიკა 8.9%-ით გაიზარდა, 2025 წელს 7.1%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 8%-ია. რუანდა ღარიბი აფრიკული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა ბოლო ათი წელია (2020-ის გამოკლებით), მაღალი ტემპით იზრდება, ჯერ სიღარიბეს თავი ვერ დააღწია, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 159-ე ადგილზეა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობის რიცხვიც სწრაფად იზრდება, რაც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპს ანელებს. ბოლო ათ წელიწადში მოსახლეობა 29%-ით გაიზარდა.
რუანდა 1990-იან წლებში გენოციდით ძალიან დაზარალებული, პატარა, რესურსებით ღარიბი ქვეყანაა, თუმცა ბოლო წლებში პოლიტიკური სტაბილურობა აქვს და ბევრი რეფორმა გაატარა. ბოტსვანასთან ერთად აფრიკის კონტინენტზე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. კორუფციის რეიტინგში 43-ე ადგილზეა (საქართველო 53-ე ადგილზეა). სწრაფად იზრდება მომსახურების სექტორი, მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში.

პალაუ
მოსახლეობა: 18 ათასი
მშპ: 322 მლნ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 19,500 დოლარი (18,300 PPP დოლარი)
2024 წელს პალაუს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, 2025 წელს 4.5%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 8.2%-ია. პალაუ საშუალო შემოსავლის მქონე კუნძულოვანი ქვეყანაა წყნარ ოკეანეში. ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში მე-100 ადგილზეა.
პალაუს ეკონომიკა მაღალი ზრდით არ ხასიათდება, 2024-2025 წლებში დაფიქსირებული ზრდა იმის შედეგია, რომ 2017-2022 წლებში მცირდებოდა და კრიზისიდან გამოვიდა. მისი ეკონომიკის მთავარი დარგი ტურიზმია, შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. როცა ტურიზმი იზრდება, პალაუს ეკონომიკაც იზრდება.

საქართველო
მოსახლეობა: 3.9 მლნ
მშპ: 34 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 9,600 დოლარი (31,000 PPP დოლარი)
2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა, 2025 წელს 7.2%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 8.3%-ია. საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 69-ე ადგილზეა.
საქართველოს ეკონომიკა 2016-2019 წლებში საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. პანდემიის შემდეგ კი ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტია. საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა 100 ათასამდე ემიგრანტი, რომლებმაც შემოიტანეს მილიარდობით დოლარი. ამასთან ერთად, გაიზარდა საქართველოს როლი ტრანზიტულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაში. ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საინფორმაციო ტექნოლოგიებია, რასაც მიგრანტების შემოსვლასთან ერთად, 2021 წელს განხორციელებულმა საგადასახადო ლიბერალიზაციამ შეუწყო ხელი.
იხილეთ ასევე: რა განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ზრდას?

ნიგერი
მოსახლეობა: 26 მლნ
მშპ: 22 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 800 დოლარი (2,100 PPP დოლარი)
2024 წელს ნიგერის ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, 2025 წელს 6.6%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 8.5%-ია. ნიგერი უღარიბესი აფრიკული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა ბოლო ათი წელია, ნორმალური ტემპით იზრდება, ჯერ სიღარიბეს თავი ვერ დააღწია, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 177-ე ადგილზეა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობის რიცხვიც სწრაფად იზრდება, რაც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპს ანელებს.
ნიგერის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი ბუნებრივი რესურსებია. ნიგერმა გაზარდა ნავთობის, ოქროს და ურანის მოპოვება. ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო ინფრასტრუქტურაში, ყველაზე მსხვილი დონორი ჩინეთია. ერთი მხრივ, დემოგრაფიული ბუმი აფერხებს სიღარიბის დაძლევას, მაგრამ ამავე დროს, ჭარბი იაფი სამუშაო ძალის წყაროა, რაც ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს.

ყირგიზეთი
მოსახლეობა: 7.3 მლნ
მშპ: 18 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 2,700 დოლარი (8,800 PPP დოლარი)
2024 წელს ყირგიზეთის ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა, 2025 წელს 8%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 8.5%-ია. ბოლო ათ წელიწადში ყირგიზეთის მოსახლეობა 21%-ით გაიზარდა, რაც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპს ანელებს. ერთ მოსახლეზე შემოსავლით ყირგიზეთი მსოფლიოში 130-ე ადგილზეა.
2022-2025 წლებში ყირგიზეთის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი რუსული ფულია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაიზარდა რუსი მიგრანტების რაოდენობა ყირგიზეთში. 2024 წელს ყირგიზეთის მიერ ფულადი გზავნილებით მიღებულმა თანხამ (ძირითადად რუსეთიდან) ეკონომიკის 19% შეადგინა. რუსეთის წილი ყირგიზეთის ექსპორტში 26%-დან 42%-მდე გაიზარდა. მაგალითად, ყირგიზეთის მოქალაქეები საქართველოში ყიდულობენ ავტომობილებს, რომლებსაც შემდეგ რუსეთში ყიდიან.

ლიბია
მოსახლეობა: 7.4 მლნ
მშპ: 47 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 6,800 დოლარი (17,700 PPP დოლარი)
2024 წელს ლიბიის ეკონომიკა 1.9%-ით გაიზარდა, 2025 წელს 15.6%-ით გაიზრდება. 2024-2025 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 8.7%-ია. ლიბიის ეკონომიკა არასტაბილურობით გამოირჩევა, რადგან დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით მშვიდობასა და ნავთობის ფასებზე. ნავთობის გაყიდვით მიღებულია შემოსავალი ლიბიის ეკონომიკის ნახევარზე მეტია. მისი ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს შემცირდა 11%-ით. 2020 წელს, პანდემიისა და ნავთობის დაბალი ფასების გამო 30%-ით შემცირდა. 2023-2025 წლებში სტაბილურად იზრდება. ლიბია ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 102-ე ადგილზეა.
2025 წელს ლიბიის ეკონომიკის 15.6%-ის ზრდის მთავარი ფაქტორი შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გამო ლიბიის ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნაა. ლიბიამ ნავთობის მოპოვება 17%-ით გაზარდა, ხოლო ექსპორტი – 23%-ით.

გაიანა
მოსახლეობა: 836 ათასი
მშპ: 26 მლრდ დოლარი
მშპ ერთ მოსახლეზე: 31,400 დოლარი (94,000 PPP დოლარი)
გაიანა ბოლო ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. 2025 წელს მისი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.3%-მდე შენელდა, ბოლო ორი წლის საშუალო ზრდა კი 27%-ია. ერთ მოსახლეზე შემოსავლით გაიანა უკვე მსოფლიოში მე-9 ადგილზეა.
გაიანაში 2015 წელს ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს და ეკონომიკურმა ბუმმაც არ დაახანა. 2015 წლიდან 2025 წლამდე გაიანის ეკონომიკა 7-ჯერ გაიზარდა. 2020-2025 წლებში წლიურად საშუალოდ 36%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
გაიანა დღიურად 800 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რაც წლიურ 18 მლრდ დოლარამდე შემოსავალს ნიშნავს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც გაიანაა (მოსახლეობით საქართველოზე 4-ჯერ პატარა) ეს ძალიან მაღალი შემოსავალია.

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი
















