გამოცემა Forbes-ი უკვე ცამეტი წელია, რაც პროექტ 30 Under 30-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ ახალგაზრდებს ავლენს. გამარჯვებულთა შორის ტექნოლოგიური სფეროს ლიდერ 30 წლამდე პირებს, აღმასრულებელ დირექტორებსა და მილიარდერებსაც კი ვხვდებით. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში Forbes-ის 30-წლამდელთა სია 20 კატეგორიას და ყოველწლიურად, ჯამში, 600 გამარჯვებულს აერთიანებს, რასაც აზიისა და ევროპის სიებიც ემატება.
მაშინ, როდესაც გამარჯვებულთა შერჩევის პროცესში წარმატებით გაიფილტრა ისეთი პირებიც კი, როგორიც ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალი ელიზაბეტ ჰოლმსი გახლდათ, 30 Under 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს შორის მაინც ვხვდებით ისეთებს, რომელთა სახელებიც პროექტის შემდეგ გახმაურებულ დანაშაულებსა თუ სკანდალებს დაუკავშირდა. ამერიკულმა Forbes-მა, მსოფლიოს გარშემო, პროექტის 10,000 გამარჯვებულს შორის, სწორედ ასეთი პირების ათეული წარმოადგინა.
სემ ბენკმენ-ფრიდი
FTX-ის დამფუძნებელი | კატეგორია: ფინანსები, 2021 წ.
კრიპტომილიარდერი სემ ბენკმენ-ფრიდი, რომელიც ერთ დროს, $26 მილიარდზე მეტის ქონებით, ამერიკის რიგით 41-ე უმდიდრესი ადამიანი იყო, თაღლითობისა და შეთქმულების შვიდი ბრალდებით გაასამართლეს. 31 წლის ბენკმენ-ფრიდს 110 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, სასჯელს კი სავარაუდოდ 28 მარტს გამოუტანენ. ყოფილი მილიარდერის ქონება, მისი სავალუტო ბირჟა FTX-ის გაკოტრების შემდეგ, Forbes-მა ნულამდე დაიყვანა.
კეროლაინ ელისონი
Alameda Research-ის თანააღმასრულებელი დირექტორი | კატეგორია: ფინანსები, 2022 წ.
FTX-ის კიდევ ერთი მსხვერპლი. კეროლაინ ელისონი ბენკმენ-ფრიდის FTX-ის კრიპტოვაჭრობის განყოფილება Alameda Research-ს ხელმძღვანელობდა. 2022 წლის დეკემბერში, თაღლითობასა და Alameda-ში ზარალის დასაფარად, კრიპტობირჟის მომხმარებლებისგან მილიარდების გადატანაში თავი დამნაშავედ ცნო. ამ შემოდგომით კი ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ, როგორც ფედერალურმა მოწმემ, ჩვენებაც მისცა. ელისონს მაქსიმუმ 110-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის სავარაუდოდ მოსამართლეები შედარებით მსუბუქ სასჯელს დასჯერდებიან.
ჩარლი ჯავისი
Frank-ის დამფუძნებელი | კატეგორია: ფინანსები, 2019 წ.
2019 წელს ჯავისმა მის მიერ დაარსებულ სტარტაპ Frank-ისთვის $16 მილიონამდე მოიზიდა – სტარტაპისთვის, რომელიც სტუდენტებს ფინანსური დახმარების მიღებაში დაეხმარებოდა. 2021 წელს ჯავისმა Frank-ი, რომელსაც მაშინ, მისივე განცხადებით, 4.25 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, JPMorgan Chase-ზე $175 მილიონად გაყიდა. აღმოჩნდა, რომ სტარტაპის მომხმარებელთა რეალური რაოდენობა ახლოსაც არ იყო თავად დამფუძნებლის დასახელებულ რიცხვთან. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩარლის თაღლითობასა და კომპანიის არასწორ შეფასებაზე შეთქმულების ბრალდება წარუდგინეს. სასამართლო პროცესო ოქტომბერში დაიწყება. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ნეიტ პოლი
World Class Capital Group-ის დამფუძნებელი | კატეგორია: ფინანსები, 2016 წ.
ნეიტ პოლის უძრავი ქონების იმპერია 2017 წელს დაახლოებით $1 მილიარდად იყო შეფასებული – ძირითადად სავაჭრო ცენტრებისა და საოფისე შენობების წყალობით. თუმცა 2023 წლის ივნისში, კრედიტორების მოტყუებისთვის – რვა, ხოლო მოგვიანებით, თაღლითობისა და შეთქმულების დამატებით ოთხი ბრალდება წარუდგინეს. სასამართლო ივლისშია დანიშნული, თუმცა თავად პოლი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მარტინ შკრელი
MSMB Capital-ის დამფუძნებელი | კატეგორია: ფინანსები, 2013 წ.
ოდესღაც ბიზნესის ვუნდერკინდად წოდებულმა შკრელიმ 20 წლის ასაკში სააფთიაქო საქმეზე ორიენტირებული ორი ჰეჯ-ფონდი შექმნა. შემდეგ იყო მედიკამენტების ორი კომპანია Retrophin-ი და Turing-ი. Under 30-ში გამოჩენიდან ორი წის შემდეგ შკრელი „ამერიკისთვის საძულველ ადამიანად გადაიქცა“ მას შემდეგ, რაც Turing-ის Daraprim-ზე – პარაზიტული ინფექციის საწინააღმდეგო სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტზე ფასები ტაბლეტისთვის $17.50-დან $750-მდე გაზარდა.
შკრელის აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) უჩივლა და $65 მილიონითაც დააჯარიმა. მარტინს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალა. თუმცა შკრელი, ორი ჰეჯ-ფონდის ფინანსურ მდგომარეობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენისა და Retrophin-ის აქციებით მანიპულირებისთვის უკვე საპატიმროში იმყოფებოდა. საბოლოოდ ის ვადაზე ადრე, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს.
კოდი უილსონი
Defense Distributed-ის დამფუძნებელი | კატეგორია: სამართალი და პოლიტიკა, 2014 წ.
უილსონი ცნობილი 3D პრინტერზე დაბეჭდილი პისტოლეტებით გახდა. ამერიკელმა კანონმდებლებმა პისტოლეტი ე.წ. „მოჩვენებით იარაღს“ (ghost gun) დაუკავშირეს, და კონსტიტუციის პირველი და მეორე შესწორებების დარღვევაზე მიუთითებდნენ. თუმცა, ამის გარდა, უოლსონი დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვანის დაზიანებაში, მას შემდეგ რაც $500 გადაუხადა 16 წლის გოგოს სქესობრივი კავშირისთვის.
ჯეიმს ო’კიფი
Project Veritas-ის დამფუძნებელი | კატეგორია: მედია, 2012 წ.
ო’კიფი 13 წლის განმავლობაში კონსერვატიულ მედიაკომპანია Project Veritas-ს ედგა სათავეში. ორგანიზაციის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან ის ამ წლის თებერვალში გაათავისუფლეს, ხელმძღვანელობის მეთოდებისა და დონორთა სახსრების არამიზნობრივად – მათ შორის კერძო თვითმფრინავით სარგებლობისთვის – გამოყენების გამო. მარტში ახალი მედიაკომპანია O’Keefe Media Group-ი დააარსა. ბოლო ცნობებით ო’კიფი კვლავ გამოძიების ობიექტია, თუმცა მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
პადრია პრენდერგასტი
Women Of The City Magazine-ის მთავარი რედაქტორი | კატეგორია: მედია & მარკეტინგი, 2023 წ.
გართობისა და ბიზნესსფეროს ამომავალი ვარსკვლავების გასაშუქებლად, WOTC-ი 2018 წელს დაარსდა. როგორც აღმოჩნდა, პრენდერგასტი pay-to-play-ოპერაციებს აწარმოებდა – გასაშუქებლად ნაღდ თანხას იღებდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში თანხას საქმის შესრულების გარეშეც იპარავდა. Forbes-ის გამოძიებით, თერთმეტი კლიენტი კომპანიას $195,000-ის მითვისებაში სდებდა ბრალს.
სტეფ კორი
Away-ის თანადამფუძნებელი | კატეგორია: საცალო ვაჭრობა & ელექტრონული კომერცია, 2016 წ.
2018 წელს კორი სამგზავრო ჩანთების ბრენდ Away-ის თანადამფუძნებელი და CEO გახლდათ. იმავე წელს Forbes-ის 30-წლამდელთა გამოცემის გარეკანზეც მოხვდა. 2019 წელს The Verge-მა კომპანიის მძიმე სამუშაო გრაფიკისა და თანამშრომელთა ჩაგვრის შესახებ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. დეკემბერში კორიმ თანამდებობა დატოვა, თუმცა 1 თვეში თანააღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდა, 2021 წლისთვის კი კომპანიამ მისი CEO-დ აღდგენაც დააანონსა.
ლუკას დუპლანი
Clinkle-ის დამფუძნებელი | კატეგორია: ფინანსები, 2014 წ.
2014 წელს, დუპლანს ფინტექის პიონერადაც განიხილავდნენ. ლუკასის მობილური გადახდების სტარტაპმა Clinkle-მა A-სიის ინვესტორებისგან – მათ შორისაა რიჩარდ ბრენსონი, პიტერ ტილი, ანდერსენ ჰოროვიცი – $30 მილიონის დაფინანსება მიიღო. სტარტაპის ზომის ზრდისა და ტოპ-ინვესტორების მიუხედავად, Clinkle-ს არასდროს უწარმოებია სიცოცხლისუნარიანი საქონელი. კომპანიიდან ტოპ-ტალანტების გადინება დაიწყო, ხოლო კონკურენტი პროდუქტი Venmo-მ და Apple Pay-მაც შესთავაზა მომხმარებელს.