Forbes Russia-ს თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის 3.3 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა იმ 10 უმსხვილესი უცხოური კომპანიის შემოსავალმა, რომლებიც რუსეთში ოპერირებას განაგრძობენ. გასული წლის განმავლობაში მათი საერთო შემოსავალი 39%-ით გაიზარდა. ზრდა, ძირითადად, დამსახურებაა ჩინური ავტომწარმოებლების, რომლებმაც, დასავლური კორპორაციების გასვლის შემდეგ, რუსული ბაზარი დაიპყრეს.
Chery
- რუსული ლეგალური საწარმო: Chery Automobiles Rus, Jetur Motor Rus
- ინდუსტრია: ავტომობილები
- სათავო ოფისი: ჩინეთი
- შემოსავალი 2023 წელს: 590.3 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: ოთხმაგი ზრდა
ჩინური ავტომობილების მწარმოებელი Chery წელს Forbes-ის რუსეთში მომუშავე 50 უცხოური კომპანიის რეიტინგის ლიდერია. 2023 წელს რუსულ ბაზარზე კომპანიამ 220 ათასზე მეტი მანქანა გაყიდა, ხოლო მისი შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა და 590 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. 2024 წელს ჩინური კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგან წლის პირველ ნახევარში მან 144 ათასზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით 86%-ით მეტია.
JT Group
- რუსული ლეგალური საწარმო: J.T.I. Russia
- ინდუსტრია: თამბაქოს ნაწარმი
- სათავო ოფისი: იაპონია
- შემოსავალი 2023 წელს: 480 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: +11%
Winston-ის, Camel-ის, LD-ის, Ploom-ის, Sobranie-ის, Peter I-ისა და სხვა ბრენდების ქვეშ მყოფმა თამბაქოს მწარმოებელმა ინვესტიციები რუსეთში 2022 წლის მარტში შეაჩერა. ერთი თვის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ JT Group-ი რუსული ბიზნესიდან გასვლას განიხილავდა. ორწლიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რუსეთში ბიზნესსაქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განეგრძო.
Philip Morris International
- რუსული ლეგალური საწარმო: FMSM
- ინდუსტრია: თამბაქოს ნაწარმი
- სათავო ოფისი: აშშ
- შემოსავალი 2023 წელს: 440.2 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: +10%
თამბაქოს ამერიკულმა მწარმოებელმა, რომელიც L&M-სა და Marlboro-ს ბრენდებს ფლობს, სსრკ-ის ბაზარზე ოპერირება 1970-იან წლებში დაიწყო და Soyuz-Apollo-ს სიგარეტებისთვის ყიდდა თამბაქოს. 2022 წელს, Philip Morris International-მა განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესის რესტრუქტურიზაციას, მათ შორის, მის გაყიდვას განიხილავდა. 2023 წლის დასაწყისში კომპანიის ხელმძღვანელმა Financial Times-სთან გაამხილა, რომ ბიზნესის გაყიდვის მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.
PepsiCo
- რუსული ლეგალური საწარმო: PepsiCo Holdings, WBD
- ინდუსტრია: საკვები & სასმელი
- სათავო ოფისი: აშშ
- შემოსავალი 2023 წელს: 338 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: +11%
2022 წლის სექტემბერში ამერიკულმა PepsiCo-მ რუსეთში Pepsi-ის, 7UP-ისა და MountainDew-ის ბრენდების ქვეშ სასმელების წარმოება შეწყვიტა, სამაგიეროდ, კომპანიამ რუსულ ბაზარზე გამოუშვა სასმელები სახელწოდებით Favorite Cola (PepsciCo ფლობს წვენების ბრენდს Favorite) და Evervess Сola. გამაგრილებელი სასმელების გარდა, ამერიკული კორპორაცია აწარმოებს რძის პროდუქტებს ბრენდებით Chudo, Domik v derevne და Lambert, ხოლო ბავშვთა კვების ნაწარმს ბრენდით Agusha.
Great Wall Motor
- რუსული ლეგალური საწარმო: Havail Motor Rus
- ინდუსტრია: ავტომობილები
- სათავო ოფისი: ჩინეთი
- შემოსავალი 2023 წელს: 323 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: ოთხმაგი ზრდა
დასავლური კომპანიების რუსული ბაზრიდან გასვლით სარგებელი კიდევ ერთმა ჩინური ავტომობილების მწარმოებელმა მიიღო – 2023 წელს მოდელი Haval Jolion მეორე ყველაზე პოპულარული მანქანა Lada Granta-ს შემდეგ გახდა. სხვა ჩინური ავტომობილების მწარმოებლებისგან განსხვავებით, Great Wall Motor-ს რუსეთში აქვს საკუთარი ქარხანა, რომელიც ტულის ოლქში მდებარეობს. 2024 წელს კომპანია ავტომობილების წარმოების მესამედით, 130 ათას ერთეულამდე გაზრდას გეგმავს.
Auchan Retail / Elo
- რუსული ლეგალური საწარმო: Auchan, Atak
- ინდუსტრია: საცალო ვაჭრობა
- სათავო ოფისი: საფრანგეთი
- შემოსავალი 2023 წელს: 275.5 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: -5%
2022 წლის მარტში, Elo group-ში შემავალი ფრანგული კომპანიის, Auchan Retail-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია რუსეთში მაღაზიების დახურვას არ გეგმავს. 2023 წლიდან რუსული ბიზნესი მშობელი ფრანგული კომპანიისგან დამოუკიდებლად მუშაობს.
Raiffeisen Bank International
- რუსული ლეგალური საწარმო: Raiffeisenbank
- ინდუსტრია: ფინანსები
- სათავო ოფისი: ავსტრია
- შემოსავალი 2023 წელს: 252.1 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: -7%
2022 წლის მაისში ავსტრიული ფინანსური ჯგუფი Raiffeisen Bank International-ი (RBI) თავის ანგარიშში იტყობინებოდა, რომ „რუსეთიდან გააზრებულად გასვლაზე“ მუშაობდა. ოფციები მოიცავდა როგორც Raiffeisenbank-ის 100%-ის პირდაპირ გაყიდვას, ასევე საკონტროლო წილის შემცირებას. 2024 წლის აპრილში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა RBI-ს ბრძანების სახით შეატყობინა, რომ რუსეთში თავისი ბიზნესის გაყიდვა უნდა დააჩქაროს.
Metro
- რუსული ლეგალური საწარმო: Metro Cash & Carry
- ინდუსტრია: საცალო ვაჭრობა
- სათავო ოფისი: გერმანია
- შემოსავალი 2023 წელს: 225.8 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: +1%
2022 წლის მარტში, გერმანულმა კომპანიამ, რომელიც მცირე საბითუმო მაღაზიების ქსელს მართავს, განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთში ბიზნესოპერაციების შეწყვეტას. ამჟამად კომპანია რუსეთის 51 რეგიონში 93 სავაჭრო ცენტრს ფლობს, ასევე ავითარებს Fasol-ის მაღაზიათა ქსელს (უკვე გაიხსნა 1700-ზე მეტი მაღაზია).
Nestle
- რუსული ლეგალური საწარმო: Nestle Russia
- ინდუსტრია: საკვები პროდუქტები
- სათავო ოფისი: შვეიცარია
- შემოსავალი 2023 წელს: 210 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: +8%
2022 წლის მარტში, სურსათის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Nestle-მ რუსეთში რეკლამები და ინვესტიციები შეწყვიტა, კომპანიამ კი განაცხადა, რომ განაგრძობდა ქვეყანაში მუშაობას, რადგან მას მომხმარებლებისა და თანამშრომლების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა. ამის შემდეგ Nestle-მ რუსეთის ბაზრისთვის Nespresso-ს მიწოდება და KitKat-ისა და Nesquik-ის ბრენდებით პროდუქციის წარმოება შეაჩერა. კომპანიის თანახმად, „რუსეთში ოპერაციები ფოკუსირებული იქნება ძირითადი პროდუქტების, მაგალითად, ბავშვთა საკვების, სამედიცინო და ჰოსპიტალური საკვები ნაწარმის მიწოდებაზე და არა მოგებაზე“.
Geely Automobile
- რუსული ლეგალური საწარმო: Geely Motors
- ინდუსტრია: ავტომობილები
- სათავო ოფისი: ჩინეთი
- შემოსავალი 2023 წელს: 199.6 მილიარდი რუბლი
- შემოსავლის ცვლილება: 3.2-ჯერადი ზრდა
2023 წლის შედეგების მიხედვით, რუსეთში ყველაზე გაყიდვადი მანქანების ათეულში Geely Automobile-ის ერთდროულად ორი მოდელი, Coolray და Monjaro მოხვდა. კომპანიას თავისი პროდუქციის ნახევარი (ფულადი თვალსაზრისით) ჩინეთიდან შემოაქვს, ხოლო მეორე ნახევარს ბელარუსულ-ჩინური მანქანების ქარხანა BelGee-სგან ყიდულობს. Geely Automobile-ის უმსხვილესი აქციონერი მილიარდერი ლი შუ ფუა, რომლის ქონება Forbes-მა 16.8 მილიარდ დოლარად შეაფასა. Geely Holding ასევე აკონტროლებს სამგზავრო მანქანების მწარმოებლებს Volvo Cars-სა და Lotus-ს.