ფოტო: illustration by Neil Jamieson for Forbes
ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რიგით მე-40 ყოველწლიურ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა კოლექტიური სიმდიდრე ასევე ყველა დროის მაქსიმუმამდე – $20.1 ტრილიონამდეა გაზრდილი. Forbes-ის განახლებული რეიტინგით, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის ჩათვლით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, მილიარდერთა საშუალო სიმდიდრე ამჟამად $5.8 მილიარდს აღწევს. საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, სიაში შემავალ მილიარდერთა 80% იმაზე მდიდარია, ვიდრე გასულ წელს იყო.
გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 3,428 მილიარდერია – 400-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. ამავდროულად, სიის წევრები ახლა უფრო მდიდრებიც არიან, ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის $4 ტრილიონითაა გაზრდილი და, როგორც აღვნიშნეთ, $20.1 ტრილიონს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის 2026 წლის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, დღეს უკვე 20 ადამიანს აქვს 100 მილიარდ დოლარზე მეტი ქონება. ეს მაჩვენებელი გასულ წელს 15 იყო, ხოლო ათი წლის წინ ამხელა ქონება პრაქტიკულად არავის ჰქონდა.
ამ 20 ადამიანის საერთო ქონება 3.8 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით $1.4 ტრილიონით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოს 3,428 მილიარდერიდან მხოლოდ 0.6%-ს შეადგენენ, მათი ქონება მთელი მილიარდერების სიმდიდრის 19%-ს მოიცავს.
მათ შორის ყველაზე მდიდარი ილონ მასკია, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი რეკორდი მოხსნა. ოქტომბერში ის პირველი ადამიანი გახდა, ვისი ქონებაც 500 მილიარდ დოლარს გადასცდა. შემდეგ კი, დეკემბერში, მასკის ქონებამ $600 და $700-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. მიმდინარე წლის თებერვალში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებამ $800-მილიარდიანი ზღვარიც გადალახა, მას შემდეგ, რაც მასკმა თავისი კოსმოსური კომპანია SpaceX-ი ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური მედიის კომპანია xAI-სთან გააერთიანა. შედეგად, გაერთიანებული კომპანია 1.25 ტრილიონ დოლარად შეფასდა. მოსალოდნელია, რომ კომპანიის წარმატებული IPO-ს წყალობით წელს მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდება.
შედარებისთვის, 1987 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიოს მილიარდერების სიის პირველ გამოცემაში მხოლოდ ორი ადამიანი იყო შეყვანილი, რომელთა ქონებაც 10 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. 1999 წელს, ბილ გეიტსი მცირე ხნით გახდა 100 მილიარდი დოლარის მფლობელი, თუმცა 2017 წლამდე ეს ზღვარი აღარავის გადაულახავს. სწორედ ამ წელს, ჯეფ ბეზოსმა, Amazon-ის დამფუძნებელმა შეძლო გეიტსის შედეგის გამეორება. 2020 წელს კი ბეზოსი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც სიმდიდრით $200-მილიარდიანი ზღვარი გადალახა. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის 200 მილიარდ დოლარს სულ ხუთი ადამიანის ქონება აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ მასკის გარდა, ერთადერთი ადამიანი, ვისი ქონებაც 300 მილიარდ დოლარს გადასცდა, Oracle-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონია. მისმა სიმდიდრემ სექტემბერში მცირე ხნით 400 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბა, სანამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 190 მილიარდ დოლარამდე დაეცემოდა.
$100-მილიარდიანთა კლუბის წევრების სრული სია ასე გამოიყურება:
#20. ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსი და ოჯახი
ქონება: $100 მილიარდი ($18.4 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: L’Oréal | მოქალაქეობა: საფრანგეთი
#19. ბილ გეიტსი
ქონება: $108 მილიარდი (უცვლელი) | სიმდიდრის წყარო: Microsoft | მოქალაქეობა: აშშ
#18. მაიკლ ბლუმბერგი
ქონება: $109 მილიარდი ($4 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Bloomberg LP | მოქალაქეობა: აშშ
#17. ჩანგპენგ ჭაო
ქონება: $110 მილიარდი ($47.1 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: კრიპტოვალუტის ბირჟა | მოქალაქეობა: კანადა
#16. კარლოს სლიმ ელუ და ოჯახი
ქონება: $125 მილიარდი ($42.5 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: ტელეკომი | მოქალაქეობა: მექსიკა
#15. სტივ ბალმერი
ქონება: $126 მილიარდი ($8 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Microsoft | მოქალაქეობა: აშშ
#14. ელის უოლტონი
ქონება: $134 მილიარდი ($33 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Walmart | მოქალაქეობა: აშშ
#13. მაიკლ დელი
ქონება: $141 მილიარდი ($43.3 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Dell Technologies | მოქალაქეობა: აშშ
#12. ჯიმ უოლტონი და ოჯახი
ქონება: $143 მილიარდი ($34 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Walmart | მოქალაქეობა: აშშ
#11. რობ უოლტონი და ოჯახი
ქონება: $146 მილიარდი ($36 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Walmart | მოქალაქეობა: აშშ
#10. ამანსიო ორტეგა
ქონება: $148 მილიარდი ($24 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Zara | მოქალაქეობა: ესპანეთი
#9. უორენ ბაფეტი
ქონება: $149 მილიარდი ($5 მილიარდით ნაკლები) | სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway | მოქალაქეობა: აშშ
#8. ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $154 მილიარდი ($55.3 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები | მოქალაქეობა: აშშ
#7. ბერნარ არნო და ოჯახი
ქონება: $171 მილიარდი ($7 მილიარდით ნაკლები) | სიმდიდრის წყარო: LVMH | მოქალაქეობა: საფრანგეთი
#6. ლარი ელისონი
ქონება: $190 მილიარდი ($2 მილიარდით ნაკლები) | სიმდიდრის წყარო: Oracle | მოქალაქეობა: აშშ
#5. მარკ ცუკერბერგი
ქონება: $222 მილიარდი ($6 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Facebook | მოქალაქეობა: აშშ
#4. ჯეფ ბეზოსი
ქონება: $224 მილიარდი ($9 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Amazon | მოქალაქეობა: აშშ
#3. სერგეი ბრინი
ქონება: $237 მილიარდი ($99 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Google | მოქალაქეობა: აშშ
#2. ლარი პეიჯი
ქონება: $257 მილიარდი ($113 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Google | მოქალაქეობა: აშშ
#1. ილონ მასკი
ქონება: $839 მილიარდი ($497 მილიარდით მეტი) | სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX | მოქალაქეობა: აშშ












