უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში პირველად, სირიიდან ნედლი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა. ტვირთის მოცულობამ 600,000 ბარელი შეადგინა. ინფორმაცია სირიის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გამოცემა Reuters-ს დაუდასტურა.
სირიიდან ნედლი ნავთობის ოფიციალურად ექსპორტზე გატანის ბოლო ფაქტი 2010 წელს, ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთი წლით ადრე ფიქსირდება. მაშინ, საექსპორტო ტვირთის დღიური მოცულობა 380,000 ნედლ ნავთობს უტოლდებოდა.
სირიის ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიმართულების ხელმძღვანელის, რიად ალ-ჯუბასის განცხადებით, სირიული მძიმე ნედლი ნავთობი სავაჭრო ფირმა B Serve Energy-მ შეისყიდა. სირიის ენერგეტიკის სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, რამდენიმე სირიული საბადოდან მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის Nissos Christiana-ის ტანკერი გამოიყენეს.
ცნობისთვის, სირიის ნავთობის საბადოების უმეტესი ნაწილი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქურთების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილობრივმა მმართველობამ დამასკოს ცენტრალური მთავრობისთვის ნავთობის მიწოდება თებერვალში დაიწყო, თუმცა მას შემდეგ ურთიერთობები დაიძაბა.
სირიის ომის დროსა და ასადის მმართველობის ქვეშ, აშშ-ისა და ევროპის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, ქვეყნისთვის ლეგიტიმური ექსპორტ-იმპორტის პროცესები გაართულა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში სირიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების მოხსნის შესახებ აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 14-წლიანი სამოქალაქო ომი ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დამხობით დასრულდა. სირიის ხელისუფლებაში ისლამისტები მოვიდნენ, რომელთაც სირიის ეკონომიკის აღორძინების პირობა დადეს.