$17 მილიარდზე მეტი ღირებულების გლობალური აქტივები ჯამში ოცდათხუთმეტ, სავარაუდოდ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუს ოლიგარქსა და ოფიციალურ პირს ეკუთვნის. აქტივებს შორისაა: ოფშორული საბანკო ანგარიშები, იახტები, კერძო თვითმფრინავები და ძვირად ღირებული კერძო საკუთრებები ლონდონში, ტოსკანასა და საფრანგეთის რივიერაში.
The Guardian-ისა და Organized Crime and Corruption Reporting Project-ის თანამშრომლობით, ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მიერ დასახელებული პუტინის „თანამზრახველი“ ადამიანების სია იქნა შესწავლილი. ნავალნიმ წერილობით მიმართა დასავლეთის მთავრობებს და სანქციებისთვის კონკრეტულ პირთა სახელებიც მიაწოდა. ნავალნის სიაში ჩამოთვლილ ყველა პირს, მოსკოვის მთავარ პროკურორ დენის პოპოვის გარდა, აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო.
სია მოიცავს ოთხ უმდიდრეს რუს ოლიგარქს, მათთან ერთად კი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების ხელმძღვანელებს, ცნობილ ტელეწამყვანებს, ჯაშუშური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მინისტრებს, პოლიტიკურ მრჩევლებსა და რეგიონის გუბერნატორებს. The Guardian-მა აღმოაჩინა ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ნავალნის სიის ოთხ წამყვან ფიგურას: რომან აბრამოვიჩს, ალიშერ უსმანოვს, ოლეგ დერიპასკასა და იგორ შუვალოვს უკავშირდება. გამოძიების დასკვნებს The Guardian-ი უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.
წარსულში ჩატარებულმა კვლევამ, ნავალნის სიაში შემავალ პირებს მხოლოდ 2020 წლიდან 145-ზე მეტი აქტივი დაუკავშირა, რაც მოიცავს 35 სასახლეს, 43 აპარტამენტსა და 27 სხვა უძრავ ქონებას. შვიდი იახტა, 11 კერძო თვითმფრინავი და ვერტმფრენი მხოლოდ ექვს ადამიანს ეკუთვნის. საჯარო საკუთრებაშია ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის, გენადი ტიმჩენკოს, იგორ სეჩინის სუპერიახტები, ასევე დერიპასკას სასახლე ცენტრალურ ლონდონში. აქტივების დიდი ნაწილი კი უცნობია, რადგან აშშ-ის ცენტრალური ხაზინის ინფორმაციით, ოლიგარქთა უმეტესობა სიმდიდრის დასამალად ოჯახის წევრების სახელზე აფორმებდა საკუთარ ქონებას.
ოლეგ დერიპასკას, პუტინის საყვარელ ინდუსტრიალისტს, ჯამში 26 აქტივი უკავშირდება, რაც მოიცავს მილიარდობით დოლარის აქციებს, სასტუმროს ალპებში, სუპერიახტას, 60-მეტრიან ხომალდს, ძვირად ღირებულ საკუთრებებს ლონდონში, პარიზში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ასევე ოთხ ვილას სარდინიაში.
შუვალოვი, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, $65 მილიონის ღირებულების ორ კერძო თვითმფრინავს ფლობს, ასევე $35-მილიონიანი ღირებულების მდიდრულ კერძო საკუთრებებს ზალცკამერგუტში, ტოსკანასა და დუბაიში.
საკუთრების მფლობელი კომპანიები კი დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანია Transneft-ის თავმჯდომარის, ნიკოლაი ტოკარევის, ასევე პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის ოჯახთან. პესკოვების ფირმა მდიდრულ საკუთრებას პარიზში, ხოლო ტოკარევების კომპანიები ხორვატიის კუნძულ ლოშინიზე ფლობენ.
ბევრი ნაკლებად ცნობილი აქტივი, ოფშორული საიდუმლოების იურისდიქციით დაფუძნებულ კომპანიებში ინახება, რაც მათ აღრიცხვას ბევრად ართულებს. ნაწილი კი ნავალნის სიაში შემავალი ოლიგარქების ახლობლების სახელებზეა გაფორმებული და ნამდვილი მფლობელის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით პრობლემებს ქმნის. თუმცა The Guardian-ის კვლევისთვის ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან დაზუსტდა, მათ შორის ჟურნალისტების მიერ მოძიებული ოფშორული მონაცემთა ბაზიდან და საბანკო ტრანზაქციების FinCEN-ფაილებიდან.
აბრამოვიჩი, ტოკარევი, პესკოვი და შუვალოვი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. დერიპასკას სპიკერისთვის კი გაურკვეველია, როგორ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს ამ ტიპის აქტივების გამოქვეყნება. ასევე დასძენს, რომ ოლიგარქის მთელი ქონება და აქტივები მხოლოდ სამართლიანი გზითაა შეძენილი და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებია ის, რაც დერიპასკას ამ სიტუაციის მსხვერპლად აქცევს. უსმანოვის სპიკერის განცხადებით კი მისი ქონების წყაროს „არაგამჭვირვალედ“ დასახელება არსებითად არასწორია და ზიანს აყენებს ბატონი უსმანოვის, როგორც პატიოსანი მეწარმისა და ქველმოქმედის რეპუტაციას.