Eurobarometer-ის მიერ 2025 წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა თითქმის სამი მეოთხედი (74%) მიიჩნევს, რომ ბლოკის წევრობამ მათ ქვეყანას სარგებელი მოუტანა. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შეფასებაცაა მას შემდეგ, რაც Eurobarometer-მა პირველად, EU-ის მოქალაქეებს შორის ეს შეკითხვა დასვა.
რეზიდენტები თავიანთი ქვეყნებისთვის ევროკავშირში წევრობით მიღებულ მთავარ სარგებელს შორის ეკონომიკურ ზრდას (28%) და ახალ სამუშაო ადგილებს (26%) ასახელებენ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ მოქალაქეების შეფასებებს არსებული ოფიციალური მონაცემები და შედეგებიც ამყარებს.
მაგალითისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2014 წლის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლიდან, 45%-დან, 2024 წლისთვის 74%-მდეა გაზრდილი. შედეგად, ჩეხეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 20-წლიან პერიოდში 9,490 ევროდან 29,940 ევრომდე გაიზარდა. იგივე მაჩვენებელი EU-ის წევრ ლიეტუვაში 26%-დან 68%-მდე, შესაბამისად, 4,960 ევროდან 27,350 ევრომდეა გაზრდილი.
გამოცემა Euronews-ი ევროკავშირის წევრობის 20-წლიანი ცვლილების განსასაზღვრად ინდექსირების მეთოდს იყენებს. აღნიშნული მეთოდოლოგიით, ერთ სულ მოსახლეზე 2004 წლის მშპ-ის მაჩვენებელი „100-ად“ განისაზღვრება – ამ მაჩვენებლის 120-მდე მატება მიუთითებს, რომ საშუალო კეთილდღეობა სახელმწიფოსთვის 2004 წელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი. ხოლო თუ ინდექსი, მაგ., 90-მდე დაიკლებს, ეს საბაზისო მაჩვენებელზე 10%-ით დაბალ შედეგს გულისხმობს.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, 2004-დან 2024 წლამდე, ევროკავშირში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 88%-ით გაიზარდა – ინდექსირების მეთოდით 100-დან 188-მდე. იმავე პერიოდში ცამეტმა ახალმა წევრმა სახელმწიფომ დადებითი შედეგები დააფიქსირა. ყველაზე მაღალი ზრდა, 558%-იანი და 500%-იანი, შესაბამისად, რუმინეთსა და ბულგარეთში მივიღეთ – ინდექსმა ორივე ქვეყანაში 600-ს მიაღწია. უკანასკნელ ორ ათწლეულში რუმინეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2,820 ევროდან – 18,560 ევრომდე, ხოლო ბულგარეთში 2,710 ევროდან 16,260 ევრომდე გაიზარდა.
მსგავსად მაღალი ზრდის მაჩვენებლები დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. მათ შორის ლიეტუვაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 405%-ით, ლატვიაში 336%-ით და ესტონეთში 305%-ით გაიზარდა.
ეკონომიკური მაჩვენებლის უკეთესად შესაფასებლად, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP) გამოიყენება. PPP სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია – რადგან ქვეყნებს შორის ფასებში სხვაობაა, ერთი და იმავე რაოდენობის ფულს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს.
PPP-ის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირში მშპ კვლავ „100-იანი მაჩვენებლითაა“ ინდექსირებული. 2004 წელს რუმინეთსა და ბულგარეთს ყველაზე დაბალი ქულა – 35 – ჰქონდათ, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 65%-ით ნაკლებია. თუმცა ორი ათწლეულის შემდეგ რუმინეთის მსყიდველობითი უნარი გაორმაგდა და ინდექსით 78-ს მიაღწია, ხოლო ბულგარეთის შემთხვევაში 66-მდე გაიზარდა. იგივე ინდექსი ლიეტუვაში 50-დან 88-მდე, ლატვიაში 45-დან 71-მდე, პოლონეთში 52-დან 79-მდე და ესტონეთში 56-დან 79-მდეა გაზრდილი. შედარებით მოკრძალებული მატება დაფიქსირდა სლოვენიაში, 87-დან 91-მდე, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში 81-დან 91-მდე.
ევროკომისია აცხადებს, რომ 2004 წლის გაფართოებამ „ახალ წევრებსა და მთლიანად ევროკავშირს მნიშვნელოვანი სარგებელი და შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა მოუტანა“. ამჟამად ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი ცხრა ქვეყანაა, ესენია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, სერბეთი, ასევე უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო და თურქეთი – პლუს, პოტენციური კანდიდატი, კოსოვო.
გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა აპრილში განაცხადა, რომ 2030 წლისთვის EU-ის გაფართოების ალბათობა „რეალისტურია“, მთავარი კანდიდატები კი, უკრაინა, მოლდავეთი, ალბანეთი და მონტენეგრო არიან.
თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით, ეს სახელმწიფოები ევროკავშირის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან. ცნობისთვის, Eurostat-ის მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირის მშპ-მა 18 ტრილიონ ევროს მიაღწია. საპირისპიროდ, გაწევრიანების მსურველი 10 სახელმწიფოს კოლექტიური მშპ მხოლოდ 1.63 ტრილიონი ევროა, აქედან კი 1.25 ტრილიონი ევრო მხოლოდ თურქეთზე მოდის. გამოდის, რომ თურქეთის გამოკლებით, დარჩენილ ცხრა კანდიდატ ქვეყანაში კოლექტიურად წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებამ 381 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც დანიის 392 მილიარდ ევროზე ნაკლებია.
PPP-ის გათვალისწინებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (ინდექსით EU=100):
| რანგი | ქვეყანა | 2004 წელი | 2024 წელი |
|---|---|---|---|
| 1 | რუმინეთი | 35 | 78 |
| 2 | ბულგარეთი | 35 | 66 |
| 3 | ლიეტუვა | 50 | 88 |
| 4 | ლატვია | 45 | 71 |
| 5 | პოლონეთი | 52 | 79 |
| 6 | ესტონეთი | 56 | 79 |
| 7 | ხორვატია | 56 | 77 |
| 8 | მალტა | 83 | 109 |
| 9 | სლოვაკეთი | 58 | 75 |
| 10 | უნგრეთი | 62 | 77 |
| 11 | ჩეხეთი | 81 | 91 |
| 12 | სლოვენია | 87 | 91 |
| 13 | კვიპროსი | 95 | 100 |














