ელექტრო მანქანები უკვე იპყრობენ ქუჩებს, მსხვილი კომპანიები კი თანდათან ცდილობენ გაატარონ მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა შეამცირონ ზეწოლა კლიმატის ცვლილებაზე. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ 2022 წელს მსოფლიო მეტ ნავთობს მოიხმარს, ვიდრე ოდესმე.
ნავთობზე გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა 2021 წელს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია 2022 წელსაც შენარჩუნდება.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა მომავალ წელს ყოველდღიურად 3.3 მილიონი ბარელით 99.5 ბარელამდე გაიზრდება. ეს კი ემთხვევა მანამდე არსებული მოთხოვნის რეკორდს , რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის ზრდას ომიკრონიც კი ვერ შეუშლის ხელს.
„ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, უფრო ნაკლებ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე წინა Covid ტალღებთან შედარებით, განსაკუთრებით ვაქცინაციის ფართო კამპანიის გამო,“ – წერს IEA ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში.
სააგენტომ, რომელიც მონიტორინგს უწევს მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრის ტენდენციებს, განაცხადა, რომ მოელის მოთხოვნის ზრდას საგზაო ტრანსპორტის საწვავზე და ნავთობქიმიკატებზე.
გამონაკლისს წარმოადგენს თვითმფრინავების საწვავზე მოთხოვნის პროგნოზი. საერთაშორისო მოგზაურობაზე მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, IEA ვარაუდობს, რომ მოთხოვნა საწვავის ამ სახეობაზე შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) 2022 წლის მოთხოვნის პროგნოზი არ შეცვალა.
„მოსალოდნელია, რომ Omicron-ის ახალი ვარიანტის გავლენა ეკონომიკაზე შედარებით სუსტი და ხანმოკლე იქნება, რადგან მსოფლიოს უკვე გააჩნია სხვადასხვა ბერკეტები COVID-19-ის პანდემიის სამართავად“, – წერენ OPEC-ის ანალიტიკოსები ანგარიშში.
მიუხედავად კლიმატის კრიზისისა და უზარმაზარი ინვესტიციებისა ელექტრო მანქანებში, განახლებად ენერგიასა და სუფთა საწვავში, პროგნოზები ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დამოკიდებულია მსოფლიო წიაღისეულ საწვავზე.
OPEC-ის ვარაუდით, მომავალ წელს ნავთობზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაიზრდება, ხოლო განსაკუთრებული ზრდა მსოფლიოს გიგანტ ქვეყნებში – ჩინეთში, ინდოეთსა და აშშ-ში დაფიქსირდება. თუმცა, ეს ხელს არ უშლის მსოფლიოს ქვეყნებს გადავიდნენ მწვანე ენერგიაზე. ზოგიერთი ნავთობკომპანია თავად ცდილობს მწვანე ენერგიის წყაროებზე გადასვლას.