2022 წელს ყველაზე ცუდი შედეგების მქონე კომპანიების რეიტინგი

2022 წელს ყველაზე ცუდი შედეგების მქონე კომპანიების რეიტინგი

გასული 2022 წელი გლობალური საფონდო ბირჟებისა და უმსხვილესი კომპანიებისთვის განსაკუთრებით არასახარბიელო აღმოჩნდა, მათი უმეტესობის საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნის ტენდენცია კი ტექნოლოგიურ სექტორში ფიქსირდება.

გთავაზობთ იმ კომპანიებს, რომელთაც 2022 წელს ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდათ და ყველაზე მეტი საბაზრო ღირებულება დაკარგეს:

1. Amazon | – $1 ტრლნ

იმედგამაცრუებელი შედეგების მქონე კომპანიების რეიტინგი აუცილებლად Amazon-ით უნდა დავიწყოთ, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც 1 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა.

ამჟამად ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული ელექტრონული კომერციის გიგანტის საბაზრო ღირებულება 970 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ისევ რჩება მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში, თუმცა გასული წელი Amazon-ისთვის ნამდვილად გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ, პანდემიის დასრულებამ ონლაინ კომერციაზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად დაეცა ელექტრონული მოწყობილობების გაყიდვების მაჩვენებლები. ქალაქებში ლოკდაუნების გაუქმებამ ფიზიკური სავაჭრო მაღაზიების გახსნას შეუწყო ხელი, ნორმალურ ცხოვრებას მონატრებული საზოგადოება კი უმეტესად სწორედ მაღაზიებში საშოპინგოდ სიარულზე გადაერთო, ამან კი Amazon-ის შემოსავლების შემცირება გამოიწვია.

არასახარბიელო კვარტალურ შედეგებს თან დაერთო მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის რეკორდული ზრდა და მის საპასუხოდ ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

2. Tesla | – $940 მლრდ

აბსოლუტურ რიცხვებში ყველაზე ცუდი შედეგების მქონე კომპანიების რეიტინგში მეორე ადგილზე ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ა, რომელმაც ერთ წელში 940 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.

Tesla-ს შეფასება ამჟამად 386 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებს, ნაცვლად ტოპ ხუთეულისა.

ზოგადად, Tesla-ს არასახარბიელო შედეგები რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდა და საფონდო ბირჟების ვარდნაა.

მეორე ძირითადი ფაქტორი კომპანიის დირექტორს, ილონ მასკს უკავშირდება, რომელიც უფრო მეტ დროს არა უშუალოდ Tesla-ს მართვას, არამედ ახლად შეძენილ Twitter-ს უთმობს, რასაც კომპანიის ინვესტორები პოზიტიურად ნამდვილად არ აფასებენ.

3. Alphabet (Google) | – $800 მლრდ

გასული წელი არასახარბიელო შედეგებით დაასრულა Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მაც, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ წელში დაახლოებით 800 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მიუხედავად საკმაოდ მკვეთრი ვარდნისა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება ამჟამად მაინც 1.2 ტრილიონ დოლარს აღწევს და ის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

Google-ის დაღმასვლა უმეტესწილად საფონდო ბირჟების ვარდნითა და სარეკლამო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების შემცირებითაა განპირობებული.

მიუხედავად რთული წლისა, უნდა აღინიშნოს, რომ Google-ი საძიებო სისტემების ბაზარზე აბსოლუტურ დომინაციას მაინც ინარჩუნებს, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურებასთან ერთად მისი აქციების ღირებულებაც გაიზრდება.

4. Meta (Facebook) | – $750 მლრდ

Facebook-ის, Instagram-ისა, WhatsApp-ის მფლობელი კომპანიისათვის 2022 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია საკმაოდ მოკლე დროში 750 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ამჟამად მარკ ცუკერბერგის მიერ დაფუძნებული კომპანია მსოფლიო რეიტინგში მეოცე ადგილს იკავებს და მისი ღირებულება 350 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Meta-ს წარუმატებლობა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანიის მთავარი პროექტი – მეტავერსი ჯერაც ძალიან შორსაა ბაზარზე რეალურად გამოჩენისგან; Facebook-ი და Instagram-ი კი კონკურენტების, განსაკუთრებით TikTok-ის პოპულარობის ზრდის ფონზე მომხმარებლებს კარგავენ.

5. Nvidia | – $500 მლრდ

წელი განსაკუთრებით ცუდად დასრულდა ნახევარგამტარებისა და ვიდეობარათების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, Nvidia-სთვისაც. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ წელში თითქმის 500 მილიარდი დოლარით შემცირდა და ამჟამად 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Nvidia-ს არასახარბიელო შედეგები იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მსოფლიო მასშტაბით კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, კომპიუტერულ თამაშებსა და მძლავრ კომპიუტერებზე მოთხოვნა იკლებს. გარდა ამისა, კრიპტოვალუტების მაინინგის ბუმი პრაქტიკულად დასრულდა, Nvidia-ს პრემიუმ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები კი სწორედ გეიმერები და მანერები არიან, მათი მხრიდან მოთხოვნის შემცირებამ კი კომპანიის შემოსავლებსა და აქციების ფასზე ნეგატიურად იმოქმედა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *