საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის განმავლობაში საწარმოების ინოვაციური აქტივობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი საწარმოთა 6.8%-მა შემოიტანა, ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება კი საწარმოთა 6.2%-მა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ საქონლისა და მომსახურების ინოვაციები საწარმოებმა უმეტეს შემთხვევაში დამოუკიდებლად შეიმუშავეს.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ინოვაციების 56.7% თავად ამ საწარმოებისთვის წარმოადგენდა სიახლეს, 43.3% კი – ზოგადად ბაზრისთვის. 2023 წელს საწარმოებმა ინოვაციები შემდეგი მიმართულებებით დანერგეს: საქონლის წარმოების, განვითარების ან მომსახურების მიწოდება; ინფორმაციის დამუშავება ან კომუნიკაცია; რეკლამირების, შეფუთვის, ფასების, პროდუქტის განთავსების ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მარკეტინგი; ბუღალტრული აღრიცხვისა და ადმინისტრაციული ოპერაციები; სამუშაო პასუხისმგებლობის ორგანიზების, გადაწყვეტილების მიღებისა და ადამიანური რესურსების მართვა; პროცედურების ან საგარეო ურთიერთობების ორგანიზების პრაქტიკა და ლოგისტიკის, მიწოდებისა და დისტრიბუციის სფერო. აქედან ყველაზე მეტი ინოვაცია გასულ წელს პირველ ორ სფეროში დაინერგა.
საქსტატის თანახმად, გასულ წელს საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნესპროცესების ინოვაციების 82.1% თავად საწარმოებმა შეიმუშავეს. ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიის შეფასებისას კი მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 47.9% ანიჭებს უპირატესობას.