2023 წელს ევროპაში ქარის ელექტროსადგურებით გამომუშავებულმა ენერგიამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სადგურების გენერაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Ember-ი ავრცელებს.
ევროპაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას რუსულ რესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და 2050 წლის კლიმატური მიზნების მისაღწევად ცდილობენ.
გასულ წელს კონტინენტზე წიაღისეული საწვავით ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი წლიურად რეკორდული 19%-ით შემცირდა, თბოსადგურების გამომუშავება – 15%-ით, ქვანახშირზე მომუშავე სადგურების კი 26%-ით. პარალელურად, ქარის სადგურების გამომუშავება 13%-ით გაიზარდა და ევროპის ელექტროენერგიის მიწოდების 18% შეადგინა. ამ ყველაფერმა, შესაბამისად, ნახშირბადის ემისიები 19%-ით შეამცირა.
2023-ში თბოსადგურებმა ევროპის ელექტროენერგიის გენერაციის 17% შეადგინა, ქვანახშირის სადგურებმა კი 12%. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი, 23%-იანი წილი, ევროგაერთიანებაში ბირთვულ ენერგიას ჰქონდა. მზის ენერგიამ კი 9% შეადგინა. საერთო ჯამში, წინა წელს, განახლებადი ენერგიის წილი 44%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ელექტროენერგიაზე მოთხოვნას, ის 3.4%-ით შემცირდა ინდუსტრიული მოხმარების კლებისა და თბილი ამინდის წყალობით, თუმცა წელს მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი.