Galt & Taggart-ის უახლესი კვლევის თანახმად, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი 2022 წლიდან მოყოლებული საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მოცემულობა ძირითადად IT-მიმართულების ზრდითაა განპირობებული. G&T-ის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ IT-სექტორი ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული, რომლის მოცულობამ, 2023 წელს, $892 მილიონი შეადგინა.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის ექსპორტის უდიდესი ნაწილი გაწეულ მომსახურებაზე მოდის. 2023 წელს კი IT-სექტორის შემოსავლებმა 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტითაა გენერირებული.
ანგარიშის თანახმად, მომსახურების ყველაზე დიდი ნაწილი აშშ-ში (26%), დიდ ბრიტანეთსა (15%) და მალტაში (11%) განხორციელდა.
G&T ზრდის მიზეზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ სექტორის ზრდას ბიძგი საგადასახადო შეღავათებმა მისცა. 2022 წლის შემდეგ კი ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი საერთაშორისო კომპანიებისა და IT-სპეციალისტების საქართველოში რელოკაცია გახდა.
კვლევით დგინდება, რომ 2023 წელს ინდუსტრიაში 30.2 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. შედარებისთვის, ეს რიცხვი 2021 წელს 5,000-ს შეადგენდა. სექტორში საშუალო ხელფასი 2023 წელს 6,940 ლარით განისაზღვრა. საქართველოს ბაზარზე კი 24,117 IT-კომპანია ოპერირებს. ამ რაოდენობიდან საშუალო და მსხვილი ზომის მხოლოდ 72 კომპანიაა, დანარჩენებს კი უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ.