2023 წელს საქართველომ რუსეთისგან 390 ტონა ვაზელინი იყიდა

2023 წელს საქართველომ რუსეთისგან 390 ტონა ვაზელინი იყიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში იმპორტით შემოვიდა 547.7 ტონა ვაზელინი, რომლის ღირებულებამაც 757.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

წინა წელთან შედარებით, შემოტანილი პროდუქციის წონა 15.2%-ით, ხოლო ღირებულება 35.2%-ითაა შემცირებული.

მომწოდებლებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ქართველმა იმპორტიორებმა 390 ტონა ვაზელინი 477.1 ათას აშშ დოლარად იყიდეს.

საიმპორტო ქვეყნების ხუთეული ამგვარია:

  • რუსეთი – 390 ტონა (477.1 ათასი აშშ დოლარი);
  • ირანი – 88.3 ტონა (103 ათასი აშშ დოლარი);
  • ინდოეთი – 27.5 ტონა (37.5 ათასი აშშ დოლარი);
  • ბულგარეთი – 10 ტონა(19.9 ათასი აშშ დოლარი);
  • ჩინეთი – 7.5 ტონა (14.7 ათასი აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან შედარებით რუსეთიდან ვაზელინის იმპორტი მცირედითაა შემცირებული.

ცნობისთვის, ისტორიაში ყველაზე მეტი ვაზელინი საქართველოს 2013-14 წლებში დასჭირდა. კერძოდ, 2013 წელს ქვეყანაში შემოტანილ 3,550 ტონა საქონელში იმპორტიორებმა 4.2 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, 2014-ში კი – 2,089 ტონაში 2.7 მილიონი აშშ დოლარი.

განსხვავებით 2023-ისგან, ამ წლებში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ირანი იყო – 2013 წელს მისი წილი 81%-ს, 2014-ში კი 60%-ს შეადგენდა.

საინტერესო ისიც, რომ 2013-14 წლებში საქართველოდან ვაზელინის ექსპორტიც მაღალ ნიშნულზეა, 2013-ში 3.9 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2014-ში – 2.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ჩანს, ქვეყნიდან რეექსპორტი განხორციელდა.

ამ პერიოდში საექსპორტო ქვეყნების სიაში პირველ ადგილს ნიგერია იკავებს – 2013 წელს მისი წილი 87.2%-ია, 2014 წელს კი 85%.