სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წელს საქართველოში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც იკრვევა, გასულ წელს ქვეყანაში მთლიანობაში 2 488 მსგავსი ობიექტი ფუნქციონირებდა, რაც წლიურ ჭრილში 12.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამ დაწესებულებებს 2 435 ეკონომიკური სუბიექტი მართავდა: 60%-ს – ინდივიდუალური მეწარმეები, 38.6%-ს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, 0.7%-ს – სააქციო საზოგადოება, 0.6%-ს – სხვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბიზნესების 99.7% კერძო საკუთრებაზე მოდის, დანარჩენი 0.3% კი სახელმწიფო საკუთრებაზე.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107.7 ათასი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია. წლიურ ჭრილში 9.5%-ით გაიზარდა ნომრების რაოდენობა და 50.1 ათასს მიაღწია.
როგორც ირკვევა, ეს ობიექტები გასულ წელს მთლიანობაში 5 მილიონ ადამიანს მოემსახურა, რაც წლიურ ჭრილში 1.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სტუმართა 60.2%-ს უცხოელები შეადგენდნენ, მათი უმეტესობა კი 355 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 11.8%), რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრების წილი უცხოელი სტუმრების 7.2%-ს შეადგენდა. უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 29.2%) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 26.6%) მოქალაქეები იყვნენ.