2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებული ბავშვების რიცხოვნობამ 40,214 შეადგინა, მათ შორის, 21,010 ბიჭი და 19,204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 5%-ითაა შემცირებული.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა ქ. თბილისში დაფიქსირდა (13,697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5%-დან 24.6%-მდე შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6%–დან 69.4%-მდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4%-დან 6%-მდე გაიზარდა.
13%-ით შემცირდა გარდაცვლილთა რიცხოვნობაც და 42,756 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 229 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი).
ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა კი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.5 პრომილე.
გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2,542 ერთეულით განისაზღვრა. უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
ამავდროულად, 2023 წელს რეგისტრირებულია 22,275 ქორწინება, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის – 32.1 წელი. ამავე პერიოდში რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13,664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.