საქსტატის თანახმად, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ამაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს 2006 წელს ჰქონდა (15.4%)
2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.3%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.5% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 1.3 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 45.4%-სა და 43.4%-ს შეადგენს.
2023 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69% შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.
უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, აჭარისა და თბილისის რეგიონებში, შესაბამისად 7.7, 6.2 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. შარშან აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1%-ს, ხოლო კაცებში 65.1%-ს შეადგენდა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში 1.6 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (44.6%), ხოლო ყველაზე დაბალი ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (4.3%), რის უმთავრეს მიზეზს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენს.