გადახდების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის, Visa-ს მაღალი თანამდებობის პირის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ 80 მილიონი თაღლითური ტრანზაქცია აღკვეთა. მათმა ჯამურმა მოცულობამ კი $40 მილიარდი შეადგინა. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული Visa-ს მიერ ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული ინვესტიციების დამსახურებაა.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Visa-ს რეგიონული რისკების ოფიცრის, ჩარლზ ლობოს განცხადებით, 2025 წელს კიბერდანაშაულის ფინანსური ღირებულება $10.5 ტრილიონი იქნება. ეს თანხა კი მშპ რომ ყოფილიყო, მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილი ეკონომიკა იქნებოდა.
შესაბამისად, აშკარაა, რომ ფინანსური კიბერდანაშაულების ტენდენცია მზარდია. კომპანიებს კი მათგან თავდაცვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა სულ უფრო მეტად სჭირდებათ. დროთა განმავლობაში კიბერთაღლითობის საშუალებებიც იხვეწება. კიბერკრიმინალები ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების მოსატყუებლად ახალ მიდგომებს იყენებენ.
Visa-მ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიურ განვითარებაში $10 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც $500 მილიონი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მონაცემთა დაცვის ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდა.