2023 წლის I ნახევარში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $10 მილიარდს გადააჭარბა

2023 წლის I ნახევარში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $10 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.1%-ით გაიზარდა და $10.26 მილიარდს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები. 2023 წლის იანვარ-ივლისში, სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი $3.05 მილიარდს, ხოლო იმპორტი – $7.215 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 19.3%, ხოლო იმპორტის ზრდამ – 20.4% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $4.16 მილიარდს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.

2023 წლის პირველ ნახევარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მთლიანი ექსპორტის 32.5%-იანი წილით პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები (11.2%), ხოლო მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია (4.1%).

მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილს იკავებს უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფშიც – $1.313 მილიარდით, შესაბამისად მთლიანი იმპორტის 18.2%-ით. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, იმპორტის 6.9%-ით, მესამე ადგილს კი, 3.8%-იანი წილით, აირისებრი ნახშირწყალბადები იკავებს.

საქართველოში, როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის უმსხვილესი წილი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი სომხეთია (14.4%), ხოლო იმპორტში ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორს, მთლიან იმპორტში 17.3%-იანი წილით, თურქეთი წარმოადგენს.