2023 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 15.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

2023 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 15.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული წლის IV კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3 პროცენტით, 270.9 ლარით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის დაკვირვებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1 პროცენტით); მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0 პროცენტით).

ყველაზე დაბალი ხელფასი კი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: განათლება – 1 156.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15 პროცენტით); წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა – 1 319.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 16.1 პროცენტით); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 463.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1 პროცენტით).

მოცემულ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალების შემთხვევაში 195.6 ლარი, 13.9% შეადგინა, ხოლო კაცებში ხელფასები 340.7 ლარით, 16%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აჭარბებდა ქალების ხელფასს.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 285.1 ლარით, 14.9%-ით გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი, 4 420.5 ლარი, ინფორმაცია და კომუნიკაციის სფეროში დაფიქსირდა. ამ მხრივ მეორე ადგილზეა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფერო, სადაც ხელფასმა 3 393.5 ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში ზრდა 17.1%, მეორე შემთხვევაში კი 22.4%-ია.

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.7 ლარით, 15.9%-ით გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს აქვთ.