„ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი“ (BCG) ყველაზე ინოვაციური კომპანიების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრამდე დაახლოებით 1,000 ინოვაციური კომპანიის ხელმძღვანელის გამოკითხვის საფუძველზე, BCG კომპანიების რეიტინგს 4 მიმართულების გათვალისწინებით ადგენს:
- გლობალური აღიარება: გლობალურად ინოვაციური კომპანიების აღმასრულებლებისაგან მიღებული ხმების რაოდენობა
- ინდუსტრიული აღქმა: კომპანიის ინდუსტრიაში არსებული ინოვაციური კომპანიების აღმასრულებლებისაგან მიღებული ხმების რაოდენობა
- ინდუსტრიის რღვევა (კონკურენციის წესების შეცვლა საქმის განსხვავებულად კეთების გზით): ინდუსტრიებს შორის მიღებული „დივერსიფიკაციის ინდექსის“ ხმების რაოდენობა
- ღირებულების შექმნა: 3 წლის განმავლობაში, 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრამდე, აქციონერთა მთლიანი ანაზღაურება (აქციების გამოსყიდვის ჩათვლით)
სტატიაში სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგენილ ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგს წარმოგიდგენთ.
უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც BCG-ის რეიტინგში ყველაზე ინოვაციური კომპანიის სტატუსს Apple-ი იმსახურებს. მეტიც, Apple-ს ეს სტატუსი 2005 წლიდან მოყოლებული (2019 წლის გამოკლებით) აქვს მინიჭებული.
ხუთეულში ყველა პოზიციას ამერიკული კომპანიები იკავებენ. შესაბამისად, მომდევნო პოზიციებს Tesla, Amazon-ი, Alphabet-ი და Microsoft-ი ინაწილებენ. Tesla წელს სამი პოზიციით დაწინაურდა და მეხუთე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. სამაგიეროდ, სამი პოზიციით, მეორედან მეხუთეზე ჩამოქვეითდა Microsoft-ი.
მეექვსე პოზიციას ჯანდაცვის ინდუსტრიაში მოქმედი და ამ ინდუსტრიაში ყველაზე ინოვაციური კომპანია Moderna იკავებს. ჯანდაცვის ინდუსტრიის სხვა ცნობილი კომპანიები, Pfizer-ი და Johnson & Johnson-ი ათეულს მიღმა იმყოფებიან და მე-11, მე-12 პოზიციებზე განაწილდნენ.
ყველაზე ინოვაციური არაამერიკული კომპანიის სტატუსი 2023 წელსაც სამხრეთკორეულ Samsung-ს ერგო, რომელიც გლობალურ რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა წარმოდგენილი. კომპანიამ გასულ წელს კვლევასა და განვითარებაზე (R&D) წლიური გაყიდვების 9%, 17 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. გარდა ამისა, 2022 წელს Samsung-ს აშშ-ში 6,300-მდე პატენტი მიენიჭა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
სიაში მე-8 და მე-9 პოზიციებს ჩინური კომპანიები, Huawei და BYD-ი იკავებენ. ყველაზე ინოვაციური კომპანიების ათეულს კი გერმანული Siemens-ი ხურავს.
რეიტინგი | კომპანია | ინდუსტრია |
1 | Apple (აშშ) | ტექნოლოგიები |
2 | Tesla (აშშ) | ტრანსპორტი |
3 | Amazon (აშშ) | ტექნოლოგიები |
4 | Alphabet (აშშ) | ტექნოლოგიები |
5 | Microsoft (აშშ) | ტექნოლოგიები |
6 | Moderna (აშშ) | ჯანდაცვა |
7 | Samsung (სამხრეთი კორეა) | ტექნოლოგიები |
8 | Huawei (ჩინეთი) | ტექნოლოგიები |
9 | BYD (ჩინეთი) | ტრანსპორტი |
10 | Siemens (გერმანია) | ტექნოლოგიები |
თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინოვაციური კომპანიების სტატუსი მხოლოდ ტექნოლოგიურ ფირმებს ენიჭებათ. მაგალითად, McDonald’s-ი, რომელიც კვების ინდუსტრიაში მოქმედებს, გლობალურად 34-ე ყველაზე ინოვაციური კომპანიაა. შეკვეთის დროისა და მომხმარებლებისათვის უკეთესი შეთავაზებების გასაკეთებლად, McDonald’s-მა არაერთი ტექნოლოგიური კომპანია შეისყიდა და მათი ინოვაციები დანერგა (Apprente-ი, Dynamic Yield-ი).
საინტერესოა ინოვაციური კომპანიების ქვეყნების მიხედვით შედარებაც. ათი წლის ჭრილში, 2013-დან 2023 წლამდე, 50 ყველაზე ინოვაციური კომპანიის რეიტინგში ამერიკული ფირმების რიცხვი 22-დან 25-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 2-დან 8-მდე გაიზარდა ჩინური ინოვაციური კომპანიების რიცხვიც. საინტერესოა, რომ ინდოეთსა და საუდის არაბეთს 2013 წელს 50 ყველაზე ინოვაციური კომპანიის რეიტინგში არცერთი წარმომადგენელი არ ჰყავდათ, წელს კი თითო-თითო კომპანიით არიან წარმოდგენილები. სანაცვლოდ, რეიტინგში 2013 წელს 1-1 ფინური, ნიდერლანდური და იტალიური კომპანია გვხვდებოდა, წელს კი – არცერთი.