ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 25.2 მლრდ აშშ დოლარი (70.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის მშპ-ის 74.5 პროცენტია. შედარებისთვის, 2023 წლის ბოლოს მაჩვენებელი 24.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (65 მლრდ ლარი ძველი კურსით), რაც ამავე წლის მშპ-ის 79.2% იყო. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წლიურ ჭრილში 4.13%-ით გაიზარდა.
სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, III კვარტალთან შედარებით, 494.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. “ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 217.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო ვალი ასევე გაიზარდა 14.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 708.7 მლნ აშშ დოლარით და 18.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა”, – წერია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამავდროულად, სახელმწიფო საგარეო ვალმა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (30.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ის 32.1 პროცენტია. 2023 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 11.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (30.2 მლრდ ლარი ძველი კურსით). აქედან სამთავრობო სექტორის ვალი 8.4 მლრდ აშშ დოლარია (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 24.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 811.6 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 439.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 1.3 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 3.6 პროცენტი).
ამავე პერიოდში საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12.3 მლრდ აშშ დოლარი (34.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის მშპ-ის 36.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.4 მლრდ აშშ დოლარია (18.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 18.9 პროცენტია.