ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -30.0 მლრდ აშშ დოლარი (-84.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წლიური მშპ-ს -89.0 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 163.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
სებ-ის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს მთლიანი საერთაშორისო აქტივების მოცულობამ 17.4 მლრდ აშშ დოლარი (48.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ეს 2024 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 353.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
მეორე მხრივ, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 47.4 მლრდ აშშ დოლარი (133.1 მლრდ ლარი) შეადგინა. ეს გასული წლის III კვარტალის მაჩვენებელზე 190.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
ცნობისთვის, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია (Net International Investment Position – NIIP) ასახავს განსხვავებას უცხოურ აქტივებსა (მის მიერ განხორციელებული უცხოური ინვესტიციები და გაცემული სესხები) და ვალდებულებებს (უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და გაცემულ სესხებზე) შორის.
დადებითი NIIP ნიშნავს, რომ ქვეყანას მეტი აქტივები აქვს უცხოეთში, ვიდრე ვალდებულებები უცხოელი ინვესტორების მიმართ. და პირიქით, უარყოფითი NIIP ნიშნავს, რომ ქვეყანა უფრო მეტს არის ვალდებული უცხოელების წინაშე, ვიდრე ისინი მის მიმართ.