ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გლობალური ინოვაციის ინდექსის (GII) 2024 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ანგარიში მსოფლიოს 133 ქვეყანას აფასებს და მათ ინოვაციურ შესაძლებლობებსა და აღნიშნული კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს.
ქვეყნების ინოვაციურობის შესაფასებლად, ინდექსი შვიდ ძირითად კრიტერიუმს – ცოდნა და ტექნოლოგიური წარმოება; ადამიანური კაპიტალი და კვლევები; დახვეწილი ბიზნესგარემო; ბაზრის გაწაფულობა; კრეატიულობა; ინფრასტრუქტურა; ინსტიტუციები – და 78 ინდიკატორს იყენებს. ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, თითოეულ ქვეყანას ორგანიზაცია ინოვაციურობის განსასაზღვრად ქულას ანიჭებს.
ზედიზედ მე-14 წელია, შვეიცარია მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ქვეყნად სახელდება. მისი ქულა 67.5-ს შეადგენს, რომელიც გასულ წელთან შედარებით ოდნავ არის შემცირებული (2023 წლის ქულა – 67.6). მეორე ადგილზე, წინა ანგარიშის მსგავსად, შვედეთია, რომელსაც 64.5 ქულა აქვს მინიჭებული. შვეიცარიისგან განსხვავებით, მან გასულ წელთან შედარებით ქულის მცირედ გაუმჯობესება შეძლო (2023 წლის ქულა – 64.2 ქულა). რეიტინგში მესამე ადგილი შეინარჩუნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თუმცა მისი ქულა, წინა ანგარიშის 63.5-დან, 62.4-მდე შემცირდა.
ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 133 ქვეყანას შორის, საქართველო 56/57-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა რეიტინგის ლიდერის ქულის ნახევარზე ცოტაა და 30.4-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ქულა მექსიკას აქვს მინიჭებული.
ცნობისთვის, ამავე სიაში თურქეთი 39 ქულით 37-ე ადგილს იკავებს, რუსეთი 29.7 ქულით 59-ე ადგილზეა, სომხეთი კი 29 ქულით 63-ე პოზიციაზე.