ინტერნეტს რეგულარულად 5.4 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 67.1%-ს შეადგენს. Visual Capitalist-მა, SimilarWeb-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდები გამოავლინა.
მონაცემების მიხედვით, ყველაზე პოპულარული ვებგვერდი Google-ია. მასზე გლობალური ვებტრეფიკის 18.32% მოდის. Google-ში ყოველთვიურად 82 მილიარდი ვიზიტი ფიქსირდება, რაც უკონკურენტო მაჩვენებელია. მთლიანობაში Alphabet-ის მფლობელობაში არსებული ვებსერვისები ყოველდღიურად 8.5 მილიარდზე მეტ საძიებო მოთხოვნას ემსახურება.
Google-ის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მის წინააღმდეგ გამოძიებაც აღძრა, რათა გაარკვიოს, ხომ არ იყენებს უმსხვილესი ტექნოლოგიური პლატფორმა არასამართლიანი კონკურენციის მეთოდებსა და პრაქტიკებს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მეორე ყველაზე პოპულარული ვებგვერდიც სწორედ Alphabet-ის YouTube-ია. YouTube-ზე გლობალური ვებტრეფიკის 6.96% მოდის (31 მილიარდი თვიური ვიზიტი).
აღსანიშნავია, რომ 15 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს შორის 11 ამერიკული კომპანიის საიტია. 15-ეულში მხოლოდ ორი ჩინური კომპანიის, საძიებო სისტემა Baidu-სა (მე-6 პოზიცია) და პოპულარული სოცმედიაპლატფორმის, TikTok-ის (მე-14 პოზიცია) ვებგვერდები გვხვდება.
ყველაზე პოპულარული ვებგვერდების რეიტინგის მე-9 პოზიციას კი რუსული საძიებო სისტემა Yandex-ი იკავებს, ყოველთვიური 3 მილიარდი ვიზიტით.
| დომენი | წილი გლობალურ ვებტრეფიკში | ყოველთვიური ვიზიტები | ქვეყანა |
| Google.com | 18.32% | 82 მილიარდი | აშშ |
| Youtube.com | 6.96% | 31 მილიარდი | აშშ |
| Facebook.com | 3.41% | 15 მილიარდი | აშშ |
| Instagram.com | 1.55% | 7 მილიარდი | აშშ |
| X.com | 0.87% | 6 მილიარდი | აშშ |
| Baidu.com | 0.98% | 4 მილიარდი | ჩინეთი |
| Wikipedia.org | 0.93% | 4 მილიარდი | აშშ |
| Yahoo.com | 0.75% | 3 მილიარდი | აშშ |
| Yandex.ru | 0.70% | 3 მილიარდი | რუსეთი |
| Whatsapp.com | 0.67% | 3 მილიარდი | აშშ |
| Chatgpt.com | 0.62% | 3 მილიარდი | აშშ |
| Reddit.com | 0.52% | 2 მილიარდი | აშშ |
| Xvideos.com | 0.51% | 2 მილიარდი | ჩეხეთი |
| Tiktok.com | 0.51% | 2 მილიარდი | ჩინეთი |
| Amazon.com | 0.49% | 2 მილიარდი | აშშ |
(მონაცემები ნაჩვენებია 2024 წლის ივნისის მდგომარეობით).















