ფოტო: Chesnot | Getty Images News | Getty Images
ბლოკჩეინის მკვლევრების მონაცემებით, გასულ წელს კრიპტოვალუტების გამოყენებით თაღლითებმა ფულის გათეთრებით $82 მილიარდი მიიღეს. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი 2020 წელს $10 მილიარდი იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, ზრდის განმაპირობებელი ჩინურად მოსაუბრე ჯგუფებში აქტივობის ზრდაა.
ყველაზე მზარდი კატეგორია სწორედ ჩინურ ენაზე მოსაუბრე ფულის გათეთრების ქსელებია. ბლოკჩეინის კვლევითი კომპანია Chainalysis-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აღნიშნული ჯგუფები ყოველდღიურად $40 მილიონამდე ღირებულების ფულს ათეთრებდნენ.
ცნობისათვის, ბლოკჩეინი კრიპტოვალუტების ტრანზაქციებს კრიპტოსაფულეების მისამართებს შორის აღრიცხავს, თუმცა იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ დგას ამ საფულეების უკან, საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, Chainalysis-ის მტკიცებით, მათ აღმოაჩინეს ჩინურ ენაზე მოსაუბრე თაღლითური ჯგუფების 1,800-მდე კრიპტოსაფულე, რომლებიც 2025 წელს $16.1 მილიარდის გასათეთრებლად გამოიყენეს.
რა მეთოდოლოგიით მიაკვლია ამ ორგანიზაციამ ზემოთ აღნიშნულ საფულეებს, უცნობია. თუმცა Chainalysis-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კვლევითი საქმიანობა ბლოკჩეინ-ჩანაწერებისა და რეალურ სამყაროში არსებული აქტივობის ერთმანეთთან დაკავშირებით ხორციელდება, რაშიც ჩართულია როგორც მანქანური სწავლების მეთოდები, ისე კრიმინალისტი ექსპერტები.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კრიპტოვაჭრობა აკრძალულია და ციფრული ტოკენები ლეგალურ აქტივად არ მიიჩნევა. ჩინეთის პროკურატურის მონაცემებით, კრიპტოაქტივების დახმარებით ფულის გათეთრების ბრალდებით 2024 წელს გამოძიება 3,032 პირის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
კრიპტოინდუსტრიის ზრდასთან ერთად, სულ უფრო იზრდება მისი გამოყენება და ეფექტიანობა კრიმინალური აქტივობების შესანიღბად ან დასაფინანსებლად.















