ფოტო: Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.9 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.8%-ით მეტია. გასვლების ყველაზე დიდი წილი – 43.5% – 31-50 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია.
ამასთან, 2025 წელს საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4.3%-ით აღემატება.
ვიზიტების 47.0% 31-50 წლის ვიზიტორებზე მოდის, ხოლო ქალების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა მთლიანი რაოდენობის 46.4% შეადგინა.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თურქეთისა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 836.0 ათასი და 367.3 ათასი ვიზიტი.
2025 წელს საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 6.0%-ით გაიზარდა და 1 068.6 ლარს გაუტოლდა.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით; ვიზიტორი კი 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაურია, რომელმაც ერთ წელზე ნაკლები დროით იმოგზაურა საკუთარი ჩვეული გარემოს ფარგლებს გარეთ (გარდა დასაქმების მიზნით წასულთა და სხვა განსაზღვრული კატეგორიებისა), ხოლო ვიზიტი აღნიშნავს ვიზიტორის გადაადგილებას.










