ფოტო: Shutterstock
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.82 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა. 2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ექპორტისა და იმპორტის დაჯამების შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზეა თურქეთი 3.10 მილიარდ აშშ დოლაზე მეტით, მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 2.84 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით და მესამე პოზიციაზეა რუსეთი თითქმის 2.69 მილიარდი აშშ დოლარით.
საანგარიშო პერიოდში, თურქეთიდან საქართველოში დაახლოებით 2.77 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა. საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი არ შეცვლილა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი 27.4%-ით შემცირდა და 332.91 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლებით თურქეთი საქართველოს ექსპორტში მე-6 ადგილს იკავებს, იმპორტში კი 1-ელ პოზიციაზეა.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს მაისურები და ტრიკოტაჟის ნაწარმი იკავებს 71.02 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზე 39.59 მლნ. აშშ დოლარით ფეროშენადნობებია, მესამე ადგილზე კი – სპილენძის ნარჩენები და ჯართი, რომლის ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 20.84 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. ხუთეულს ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები (მამაკაცისთვის) და ელექტროენერგია ასრულებს, შესაბამისად, 19.76 მლნ. აშშ დოლარითა და 18.38 მლნ. აშშ დოლარით.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რომლის იმპორტმაც 171.95 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს 123.53 მლნ. აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 107.98 მლნ. აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ორ ადგილზე მოხვდა: წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) და შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები. პირველის იმპორტმა 90.26 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა, მეორეს იმპორტმა კი 62.49 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.













