ფოტო: Getty Images
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.97 მილიარდი ლარით, 2.85%-ით გაიზარდა.
შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 70.94 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.71%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამავე დროს, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით თითქმის 14% შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729.31 მილიონი ლარით, 1.82%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 1.24 მილიონი ლარით, 4.29%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 11.17 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 20.38 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 1.18%-იანი ზრდა, მეორე შემთხვევაში კი 5.31%-იანი მატება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბრის განმავლობაში 1.87%-ით, 674.24 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 36.64 მილიარდი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.60% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.584 პროცენტული პუნქტით შემცირებული მონაცემია.












