2025 წლის მონაკოს შოუს ყველაზე გამორჩეული იახტები

2025 წლის მონაკოს შოუს ყველაზე გამორჩეული იახტები

ყოველწლიურად, სექტემბრის თვეში, „მონაკოს იახტების შოუ“ მსოფლიოს ყველაზე განსაცვიფრებელ სუპერიახტებს წარმოგვიდგენს. 2025 წლის ღონისძიება 24 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზეა, თუმცა ორგანიზატორებმა მონტე-კარლოში გასამართ წლევანდელ შოუზე რამდენიმე გამორჩეული იახტის მონაწილეობა უკვე დაადასტურეს.

118.5 მეტრის სიგრძის – Breakthrough

მიმდინარე წლის ღონისძიებისთვის Feadship-მა თავისი ყველაზე დიდი იახტა, 118.5 მეტრის სიგრძის Breakthrough წარადგინა. ეს სუპერიახტა, გარდა იმისა, რომ გამოფენაში მონაწილე იახტებს შორის უდიდესია, ასევე მსოფლიოში პირველიცაა, რომელიც წყალბადზე მომუშავე საწვავის უჯრედების სისტემის გამოყენებით მუშაობს. შედეგად, იახტა დაბინძურების ნაცვლად მხოლოდ წყალს წარმოქმნის და ეკოლოგიურად მდგრადია. გავრცელებული ინფორმაციით, იახტას 2-სართულიანი მინის ატრიუმი აქვს, ხოლო მის შიგნით სრულფასოვანი ბინის საცხოვრებელი სივრცეა განთავსებული.

80.2 მეტრის სიგრძის – Al Reem

იახტების მწარმოებელი თურქული კომპანია Bilgin-ი მონაკოს შოუზე 80.2 მეტრის სიგრძის იახტას, Al Reem-ს წარადგენს, რომელიც ამ სერიის სხვა იახტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულიცაა. იახტას, რომლის სახელიც არაბულად „გაზელს“ ნიშნავს, წინამორბედთან შედარებით დაახლოებით 20%-ით დიდი ფართობის შიდა სივრცე აქვს. Al Reem-ში არტ-დეკოს სტილით ინსპირირებული შტრიხები, კინოთეატრი და ველნეს-ზონაა განთავსებული.

79.2 მეტრის სიგრძის – Valor

მონაკოს შოუზე მიმდინარე წელს Feadship-ის კიდევ ერთი იახტა Valor-ი იქნება წარმოდგენილი. De Voogt-ის დიზაინერის, კრის ბოტომის განცხადებით, მფლობელს სულ რამდენიმე მითითება ჰქონდა. პირველ რიგში სურდა, იახტა იმდენად უნიკალური ყოფილიყო, რომ მისი ამოცნობა „კოსმოსიდანაც შესაძლებელი ყოფილიყო“. სხვა საინტერესო მახასიათებლებს შორისაა ინტერიერისთვის შერჩეული იტალიური ქვა, მაღალი ხარისხის ფირსაკრავი და ვინილის ფირფიტების არჩევანი.

61.6 მეტრის სიგრძის Simena

კიდევ ერთი თურქული საწარმო, Ares-ი, Monaco Boat Show-ზე Simena-ს წარადგენს. Simena ფოლადის კორპუსის მქონე იახტაა, რომელსაც სახელწოდება ანტალიის პროვინციაში მდებარე უძველესი ქალაქის საპატივცემულოდ შეურჩიეს. 11 კვანძის საკრუიზო სიჩქარით და 14.5 მაქსიმალური სიჩქარით, როგორც კომპანია აცხადებს, ეს იახტა პროფესიონალური მოგზაურობებისთვისაა შექმნილი. იახტა საერთო ჯამში 12 სტუმრისთვისაა განკუთვნილი.

60 მეტრის სიგრძის – O’Madeleine

სამოცი მეტრის სიგრძის O’Madeleine ბერძნულ კომპანია Golden Yachts-ს ეკუთვნის და მისი ერთ-ერთი უახლესი ნამუშევარია. იახტის ექსტერიერის დიზაინზე Studio Vafiadis-მა იმუშავა, ხოლო ინტერიერის დიზაინი იტალიურ კომპანია Massari-ს ეკუთვნის. Massari-ის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი დეტალებია, მათ შორის ხის კედლები, ხელით ნაქსოვი ხალიჩები, ხელით მოპირკეთებული მარმარილოს ჩანართები და ა.შ.

59 მეტრის სიგრძის – Maximus

Germán Frers-ის მიერ დაპროექტებული და Vitters-ის წარმოებული იახტა ორმაგ კაბინას და გემბანზე მოწყობილ დასასვენებელ სივრცეებს იტევს. ეს იახტა  „ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლის“ სახელითაა ცნობილი და მის შიგნით, მფლობელისთვის განკუთვნილ, უზარმაზარ კაიუტას იტევს, ორი სააბაზანოთი და პირდაპირი წვდომით გემბანზე.

55 მეტრის სიგრძის – Rose

იტალიური Tankoa-ს Rose-ი იახტებით გატაცებული ახალგაზრდა მეწარმისთვის შეუკვეთეს. მფლობელი პროექტზე მუშაობის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სამუშაოებში, მათ შორის იახტის დაპროექტებასა და დიზაინში. Rose-ს ასევე აქვს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მახასიათებელი, რომელიც ამჟამად სუპერიახტების ბაზარზეა – ნახევრად წყლის ქვეშ განთავსებული Nemo Lounge-ი, რომელიც იახტის სტუმრებს ზღვის ზედაპირის ქვეშ ხედებს გვთავაზობს.

54 მეტრის სიგრძის – Riva 54 Metri

Riva-ს დიდი ხნის ნანატრი ფლაგმანის დებიუტი წელს მონაკოში შედგება. დაახლოებით 54 მეტრის სიგრძის Riva 54 მეტრის ელეგანტური, ვერცხლისფერი კორპუსით გამოირჩევა და ძველი სკოლის დიზაინს თანამედროვეობასთან აერთიანებს.

50 მეტრის სიგრძის – Bel1

სუპერმანქანებით შთაგონებული დიზაინით, Bel1-ის სუპერიახტა მკვეთრი და ფუტურისტული სილუეტით გამოირჩევა, რომელიც მონტე-კარლოში დამთვალიერებლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. იახტა იტალიურ Rossinavi-ს ეკუთვნის და 145 კვადრატული მეტრის ფართობს იტევს – ტერასით, მინი-აუზითა და ლაუნჯთან განთავსებული ღია ტერასებით.