2024 წლის შემდეგ, მსოფლიოს ოთხივე დიდი სლემის ტიტული იტალიელ იანიკ სინერსა (24 წლის) და ესპანელ კარლოს ალკარასს (22 წლის) შორის განაწილდა, მათ ანგარიშზე ATP-ის კიდევ რვა ტურნირის ჩემპიონობაა. ამერიკულმა Forbes-მა სინერისა და ალკარასის მეტოქეობა ფინანსური კუთხით შემოგვთავაზა და 2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სიაც გამოაქვეყნა.
ზედიზედ მეორე წელია, ალკარასი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია, რომელმაც პირველობა ბოლო 12 თვის განმავლობაში, გადასახადებისა და აგენტის საფასურის გარეშე, 48.3 მილიონი დოლარით შეინარჩუნა. ცნობისთვის, წინა წელს ამ მაჩვენებელმა 42.3 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა სინერმა მასთან სხვაობა შეამცირა და 2024 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ დაახლოებით 47.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს წინა წლის 26.6 მილიონ დოლართან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.
კორტებზე გამომუშავებული თანხით სინერი 20.3 მილიონი დოლარით ლიდერობს. ამაზე მაღალი მაჩვენებელი კი Forbes-ის ყოველწლიური სიის გამოქვეყნების დაწყებიდან მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს ნაჩვენები. 38 წლის სერბმა 2016 წლის ივნისში დასრულებულ 12 თვეში 21.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 2019 წლის სიაში – 20.6 მილიონი დოლარი. რაც შეეხება ალკარასს, ის ჩოგბურთის კორტებს მიღმა შემოსავლით ლიდერობს. მისმა შემოსავალმა რეკლამებიდან, გამოსვლებიდან, გამოფენებიდან და სხვა ბიზნესსაქმიანობიდან დაახლოებით 35 მილიონი დოლარი შეადგინა.
Forbes-ის რეიტინგში მე-3 ადგილზეა და ჩოგბურთელ ქალებს შორის პირველია კოკო გოფი, რომელიც გასულ წელს ყველა სპორტის სახეობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალი იყო. 21 წლის ამერიკელმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 37.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა – 12.2 მილიონი დოლარი საპრიზო ფონდიდან და 25 მილიონი დოლარი კორტებს გარეთ. შედეგად მან ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაუსწრო, რომელიც 29.6 მილიონი დოლარით მე-4 ადგილზეა.
მსოფლიოს 10-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ჩოგბურთელმა გასული 12 თვის განმავლობაში დაახლოებით 285 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2024 წლის 246 მილიონ დოლართან შედარებით 16%-ით მეტია. ეს თანხა ჯერ კიდევ შორს არის 2020 წელს დამყარებული $343-მილიონიანი რეკორდისგან. თუმცა განსხვავება ძირითადად როჯერ ფედერერის არყოფნამ განაპირობა, რომელმაც იმ წელს 106.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რომ აღარაფერი ვთქვათ ახლა უკვე პენსიაზე გასულ ნადალსა (2020 წელს 40 მილიონი დოლარი) და სერენა უილიამსზე (36 მილიონი დოლარი).
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი 2025 წელს:
#1. $48.3 მილიონი
კარლოს ალკარასი
ასაკი: 22 | ქვეყანა: ესპანეთი | კორტზე: $13.3 მილიონი • კორტს გარეთ: $35 მილიონი

#2. $47.3 მილიონი
იანიკ სინერი
ასაკი: 24 | ქვეყანა: იტალია | კორტზე: $20.3 მილიონი • კორტს გარეთ: $27 მილიონი

#3. $37.2 მილიონი
კოკო გოფი
ასაკი: 21 | ქვეყანა: აშშ | კორტზე: $12.2 მილიონი • კორტს გარეთ: $25 მილიონი

#4. $29.6 მილიონი
ნოვაკ ჯოკოვიჩი
ასაკი: 38 | ქვეყანა: სერბია | კორტზე: $4.6 მილიონი • კორტს გარეთ: $25 მილიონი

#5. $27.4 მილიონი
არინა საბალენკა
ასაკი: 27 | ქვეყანა: ბელარუსი | კორტზე: $12.4 მილიონი • კორტს გარეთ: $15 მილიონი

#6. $26.1 მილიონი
ცინვენ ჭენგი
ასაკი: 22 | ქვეყანა: ჩინეთი | კორტზე: $5.1 მილიონი • კორტს გარეთ: $21 მილიონი

#7. $24 მილიონი
იგა შვიონტეკი
ასაკი: 24 | ქვეყანა: პოლონეთი | კორტზე: $9 მილიონი • კორტს გარეთ: $15 მილიონი

#8. $15.6 მილიონი
ტეილორ ფრიცი
ასაკი: 27 | ქვეყანა: აშშ | კორტზე: $8.6 მილიონი • კორტს გარეთ: $7 მილიონი

#9. $15.2 მილიონი
ფრენსის ტიაფო
ასაკი: 27 | ქვეყანა: აშშ | კორტზე: $3.2 მილიონი • კორტს გარეთ: $12 მილიონი

#10. $14.3 მილიონი
დანიილ მედვედევი
ასაკი: 29 | ქვეყანა: რუსეთი | კორტზე: $4.3 მილიონი • კორტს გარეთ: $10 მილიონი
