2025 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები | Google-ის ანგარიში

2025 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები | Google-ის ანგარიში

Google-მა ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოში გასულ წელს ყველაზე პოპულარული მიმართულებები გამოავლინა. როგორც კომპანიის საძიებო მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2025 წელს მოგზაურები უპირატესობას კულტურულად და, ამავდროულად, სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით დატვირთულ მიმართულებებს ანიჭებდნენ, ყველაზე ხშირად მოძიებული ქალაქი კი ბილბაო იყო.

საინტერესოა, რომ გასულ წელს ათი ყველაზე ხშირად მოძიებული მიმართულებიდან ექვსი ესპანეთში მდებარეობს. Google-ის ყოველწლიური ანგარიშის ათეულში ბილბაოს გარდა მოხვდა სანტანდერი (მე-4 ადგილი), იბიცა (მე-5 ადგილი) და მალაგა (მე-7 ადგილი). მეორე ყველაზე პოპულარული საძიებო მიმართულება კი ბარბადოსი იყო, რომლის პოპულარობაც განსაკუთრებით ფრენების მატებისა და ახალი სასტუმროების გახსნის მოლოდინით გაიზარდა. ხუთეულში ასევე ვხვდებით დუბაის, რომელიც წლებია, დამსვენებლებისთვის პოპულარულ მიმართულებათ მიიჩნევა.

ამასთან ერთად, Google-მა იმ მიმართულებების ათეულიც გამოაქვეყნა, რომელთაც დისტანციურად მომუშავე პირები ყველაზე ხშირად ეძებენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი მიმართულებების მიმართ ძიების ინტერესი ძლიერი იყო, რაც ნიშნავს, რომ დისტანციური მუშაობის კულტურა კვლავ გავლენას ახდენს მოგზაურთა არჩევანზე. Google-ის მონაცემებით, მოგზაურები უფრო მეტად ისეთ ადგილებს ეძებდნენ, რომლებიც დისტანციურ მუშაობას აადვილებს, მათთვის ინტერნეტზე საიმედო წვდომას უზრუნველყოფს და, ამავდროულად, რაციონალური საცხოვრებელი ხარჯებითა და ცხოვრების მაღალი ხარისხით ხასიათდება.

სიის სათავეში კოლუმბია აღმოჩნდა. ქვეყანა მსგავსი ტიპის მოგზაურებს შორის განსაკუთრებით პოპულარული ემიგრანტებისადმი მეგობრული ქალაქებისა (მედელინი, ბოგოტა, კარტახენა) და დისტანციური მუშაობის მსურველთათვის განკუთვნილი სპეციალური ვიზების გამო გახდა. ამასთან ერთად, ქვეყანა მოგზაურებს დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და დაბალ საცხოვრებელ ხარჯებსაც სთავაზობს. მეორე ადგილზე კი, გამარტივებული სავიზო რეგულაციებისა და ღია სივრცეებზე წვდომის წყალობით, ახალი ზელანდიაა.

სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის ლატვია (მე-4 ადგილი) და ბულგარეთი (მე-5 ადგილი), პოლონეთი (მე-6 ადგილი), სლოვენია (მე-7 ადგილი) და ფინეთი (მე-9 ადგილი).

2025 წლის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებები:

  1. ბილბაო, ესპანეთი
  2. ბარბადოსი
  3. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  4. სანტანდერი, ესპანეთი
  5. იბიცა, ესპანეთი
  6. კრაკოვი, პოლონეთი
  7. მალაგა, ესპანეთი
  8. რეიკიავიკი, ისლანდია
  9. ბაზელი, შვეიცარია
  10. დიუსელდორფი, გერმანია

ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ქვეყანა დისტანციურად მომუშავე პირებისთვის: 

  1. კოლუმბია
  2. ახალი ზელანდია
  3. კოსტა-რიკა
  4. ლატვია
  5. ბულგარეთი
  6. პოლონეთი
  7. სლოვენია
  8. ინდონეზია
  9. ფინეთი
  10. ვიეტნამი