რუსული წიაღისეული საწვავის მიწოდების ეტაპობრივი გათიშვის შემდგომ, 2025 წლისთვის შესაძლოა, მზის პანელები ევროპის ყველა საჯარო შენობაზე განთავსდეს. ევროკომისიის მიზანი უახლოეს მომავალში ევროპაში მზის ენერგიის ფართომასშტაბიანი გავრცელება და მზის ენერგიის წარმოების ინდუსტრიის აღდგენაა.
Reuters-ის ცნობით, მზის პანელების პროექტი ევროკომისიის გეგმის ნაწილია, რომელიც რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, მზის ელექტროენერგიისა და გათბობის გამოყენება რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მიუხედავად ბოლო ათწლეულში მზის ფოტოელექტრული ენერგიის ხარჯების 80%-იანი შემცირებისა, 2020 წელს ევროკავშირის ელექტროენერგიაში მისი წარმოების წილმა მხოლოდ 5% შეადგინა. მზის წილი გათბობის წარმოებაში კიდევ უფრო დაბალია და 1.5%-ს უტოლდება.
ბრიუსელი „ევროპული მზის სახურავების ინიციატივის“ განხორციელებას გეგმავს, რომელიც სახლებში, ოფისებსა და სხვა ობიექტებში გაზზე მომუშავე სისტემების შემცირებას შეუწყობს ხელს. გეგმის თანახმად, ევროკავშირმა და ეროვნულმა მთავრობებმა შესაბამისი ზომები მიმდინარე წელსვე უნდა მიიღონ, მათ შორის სახურავებზე დამონტაჟების ნებართვის გაცემა სამ თვემდე შეამცირონ, რაც დაეხმარება ქვეყნებს ევროკავშირის დაფინანსების გამოყენებასა და სახურავების პანელების პროგრამის განხორციელებაში. შედეგად, 2025 წლისთვის შესაძლოა, ყველა საზოგადოებრივი შენობის სახურავზე მზის პანელები განთავსდეს.
ამჟამად ევროპას მზის ენერგიის წარმოების თოთხმეტამდე პროექტი აქვს დაგეგმილი, თუმცა მათი წამოწყება მილიარდობით ევროს ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. 2020 წელს ევროკავშირის მზის პანელების იმპორტში 75%-იანი წილი ჩინეთმა დაიკავა.