2026 წლის დასაწყისში ჩინეთში Apple-ის სმარტფონების გაყიდვები 23%-ით გაიზარდა

2026 წლის დასაწყისში ჩინეთში Apple-ის სმარტფონების გაყიდვები 23%-ით გაიზარდა

ფოტო: Getty Images

 

Apple-ის სმარტფონების გაყიდვები ჩინეთში, 2026 წლის პირველი ცხრა კვირის განმავლობაში, 23%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მთლიანად ჩინეთის სმარტფონების ბაზარი წლიურად 4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ხუთშაბათს კვლევითმა კომპანიამ Counterpoint Research განაცხადა.

მონაცემების მიხედვით, იანვრიდან მარტის დასაწყისამდე პერიოდში მომხმარებლის მოთხოვნა კვლავ სუსტია და ბაზრის გამოცოცხლება წლის დასაწყისში დანერგილმა სახელმწიფო სუბსიდიებმაც ვერ მოახერხა.

Apple-ის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე შეთავაზებული ფასდაკლებებით, ასევე იმით, რომ საბაზისო iPhone 17 მოდელი სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამაში მოხვდა, რამაც მისი ხელმისაწვდომობა გაზარდა.

კომპანიის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად კონტროლი მიწოდების ჯაჭვზე მისი მჭიდრო სახელდება, რაც მას საშუალებას აძლევს მეხსიერების ბარათების გაძვირებით გამოწვეულ ხარჯებს უკეთ გაუმკლავდეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Apple-ი კონკურენტების მსგავსად ფასებს გაზრდის.

ამ ფონზე, ჩინურმა მწარმოებლებმა, მათ შორის OPPO-მ და vivo-მ, უკვე განაცხადეს ზოგიერთი არსებული მოდელის გაძვირების შესახებ. Counterpoint-ის მიხედვით, ეს ნაბიჯი ახალი თაობის მოწყობილობების გამოშვებამდე მომხმარებელთა რეაქციის შეფასებას ისახავს მიზნად.

ამასთან, Huawei შესაძლოა დამატებით სარგებელს იღებდეს, რადგან იგი ძირითადად ადგილობრივ მომწოდებლებზეა დამოკიდებული, რომლებიც მეხსიერების ჩიპების გლობალურ მწარმოებლებთან შედარებით დაბალ ფასებს სთავაზობენ. ეს Huawei-ს აძლევს საშუალებას, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო ფასიან სეგმენტში თავისი წილი გაზარდოს.

Counterpoint პროგნოზირებს, რომ ბაზარზე წნეხი მარტიდან მაისამდე შენარჩუნდება, ხოლო გარკვეული გამოცოცხლება მოსალოდნელია ივნისის დასაწყისში, როდესაც ტრადიციული შოპინგ-ფესტივალი იწყება, რაც მასშტაბურ აქციებს მოიცავს.