ფოტო: Getty Images
Numbeo-მ ცხოვრების ღირებულების ინდექსის 2026 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქონლის, მომსახურებისა და ქირის ფასებს ნიუ-იორკთან შედარებით (საბაზისო 100 ქულა) ზომავს. მაგალითად, თუ ქვეყანას ინდექსში 80 ქულა აქვს მინიჭებული, ეს მიუთითებს, რომ იქ ფასები 20%-ით დაბალია, ვიდრე ნიუ-იორკში.
სიაში სულ მსოფლიოს 155 ქვეყანა და ტერიტორიაა შესული. მათ შორის საცხოვრებლად ყველაზე იაფად კი ლიბია დასახელდა, რომლის ცხოვრების ღირებულების ინდექსის ქულა 12.3-ს შეადგენს. ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს ქვეყანა ცხოვრების მაღალი სტანდარტით ნამდვილად არ გამოირჩევა. ხანგრძლივმა სამოქალაქო ომმა და ბუნებრივმა კატასტროფებმა კი ქვეყანა კიდევ უფრო გააღარიბა. შესაბამისად, იქ საცხოვრებლად ხარჯები გაცილებით დაბალია, ვიდრე მსოფლიოს განვითარებულ ეკონომიკებში, თუმცა ადგილობრივებისთვის ეს შვება ნამდვილად ვერ წარმოადგენს.
ყველაზე იაფი ქვეყნების ჩამონათვალში მეორე პოზიციას ინდოეთი და პაკისტანი იყოფს. მათი ცხოვრების ღირებულების ინდექსის ქულა ერთნაირია და 12.4-ს შეადგენს. სიიაფეს ამ ქვეყნებშიც ცხოვრების დაბალი დონე და მოსახლეობის არასახარბილეო ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს.
| ადგილი | ქვეყანა | ცხოვრების ღირებულების ინდექსი (2026) |
|---|---|---|
| 1 | ლიბია | 12.3 |
| 2 | ინდოეთი | 12.4 |
| 3 | პაკისტანი | 12.4 |
| 4 | ავღანეთი | 12.7 |
| 5 | ნეპალი | 13.8 |
| 6 | ბანგლადეში | 13.8 |
| 7 | ეგვიპტე | 13.8 |
| 8 | მადაგასკარი | 15.8 |
| 9 | სირია | 16.1 |
| 10 | ირანი | 16.2 |
ამის საპირისპიროდ, 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნების სათავეში ბერმუდის კუნძულებია (123.5 ქულა). ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც დიდწილად შემოსავლიან ინდუსტრიებზეა დაფუძნებული, მათ შორისაა: ოფშორული ფინანსები, უძრავი ქონება და ტურიზმი. ეს სექტორები მდიდარ მაცხოვრებლებსა და ინვესტორებს იზიდავს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცხოვრების ღირებულების თვალსაზრისით, ყველაზე ძვირი ადგილების უმეტესობა კუნძულებია და ხშირად საგადასახადო თავშესაფრების ან ფინანსური ცენტრების სტატუსს ატარებს. მაგალითად, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები, ჯერსი და კაიმანის კუნძულები ცხოვრების ღირებულების ინდექსის ტოპ-10-ში შედიან. ეს უკანასკნელი 97.9 ქულით სიაში მეორე პოზიციაზეა. სიმდიდრის მაღალი კონცენტრაცია, იმპორტზე ძლიერ დამოკიდებულებასთან ერთად, ამ ქვეყნებში ფასების ზრდას უწყობს ხელს.
მესამე პოზიციაზე ევროპული ქვეყანა შვეიცარიაა, რომელსაც 84.3 ქულა აქვს მინიჭებული. ამ ქვეყანას მაღალი ხელფასები, პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარი და ცხოვრების მაღალი სტანდარტი გამოარჩევს, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იქ სამომხმარებლო ფასები გაცილებით მაღალია. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში მდებარე ციურიხი 2026 წლისთვის ყველაზე ძვირ ქალაქად დასახელდა.








